კრიპტო ინდუსტრიის გაკვეთილი – FTX ბირჟის აღზევება და დაცემა
ნიუ იორკში დაიწყო სასამართლო პროცესი FTX კრიპტოვალუტის ბირჟის დამაარსებლის სემ ბენქმენ-ფრიდის წინააღმდეგ. მას ბრალი ედება ბირჟის კლიენტებისგან 10 მილიარდი დოლარის მოპარვაში. სკანდალები და გაკოტრებები არ არის უცხო კრიპტოვალუტის დარგისთვის, მაგრამ ეს ქეისი მაინც გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით. ბოლო დრომდე სწორედ FTX და თავად ბენქმენ-ფრიდი იყვნენ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ,,რესპექტაბელური“ სახეები. ეს ამბავი შეგვახსენებს, რომ ამ დარგში კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი ,,მეინსთრიმ“ ინვესტორების მოსაზიდად.
FTX ბირჟა 2019 წელს დაარსდა. თავის პიკს 2021 წლის ივლისში მიაღწია, როცა მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, NBA-ს წამყვანი მოთამაშეები, ცნობილი პოლიტიკოსები და ჩრდილოეთ ამერიკული ელიტის სხვა წარმომადგენლები. თავად სემ ბენქმენ-ფრიდსაც წარმატებული და ,,ახალი თაობის“ ენტრეპრენორის აურა ჰქონდა შექმნილი – ის გამოირჩეოდა თავშეკავებული ცხოვრების სტილით (ტოიოტა კოროლათი დადისო, ამბობდნენ) და ქველმოქმედებით (შემდგომში ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა). 2022 წელს გაჩნდა ეჭვები FTX-ის ბიზნეს მოდელის მიმართ, რის შედეგადაც ინვესტორებმა ნელ-ნელა ნდობა დაკარგეს და ბირჟიდან ფულის გატანა დაიწყეს. 2022 წელის ნოემბერში ბირჟამ და მასთან აფილირებულმა კომპანიებმა გაკოტრება გამოაცხადეს.
დაიწყო გამოძიება. ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ საქმე არა ბიზნეს შეცდომებში, არამედ ფართომაშტაბიან კრიმინალში იყო. კლიენტების ფულის მოპარვა FTX-ში ,,ინდუსტრიული“ მასშტაბებით ხდებოდა – გამომძიებლებმა ბირჟის პლატფორმაში ,,ჩაშენებული“ პროგრამული კოდი აღმოაჩინეს, რომელიც კლიენტების ანგარიშებიდან ფულს ავტომატურად რიცხავდა ბენქმენ-ფრიდის აფილირებულ კომპანიაში. უკვე დეკემბერში სემ ბენქმენ-ფრიდი დააკავეს და დღეს ის უკვე სასამართლოს წინაშე დგას. როგორც ეტყობა, ბრალდებას ძალიან ძლიერი ქეისი აქვს მის წინააღმდეგ და სემი მალე ციხეში ამოყოფს თავს.
კრიპტოვალუტის ენთუზიასტების და გულშემატკივრების სურვილების მიუხედავად ეს დარგი ჯერ კიდევ კრიმინალების, მარგინალური ბიზნესმენების და ძალიან მაღალი რისკების სფეროდ რჩება. კრიპტოვალუტაში ინვესტირება ლატარეის თამაშს ჰგავს, სადაც ძირითადად ,,გამთამაშებელია“ გამარჯვებული.