ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 10-16 ივნისი

მოსკოვის სავალუტო ბირჟამ დოლარის და ევროს ვაჭრობა შეწყვიტა

13 ივნისს, აშშ-ს მიერ რუსეთის წინაარმდეგ სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვის სავალუტო ბირჟამ შეწყვიტა გაცვლითი ოპერაციები აშშ-ს დოლარის, ევროს და ჰონგ-კონგის დოლარის გამოყენებით. ამას რუსეთის სავალუტო ბაზარზე პანიკა მოჰყვა – დოლარის გაყიდვაში ბანკები 200 რუბლს ითხოვდნენ და მხოლოდ 50 რუბლად ყიდულობდნენ. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ასეთი დიდი „სპრედი“ აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა რუსეთის ბაზარზე.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სცადა სიტუაციის დაწყნარება. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში ფინანსური ტრანზაქციების წილი დასავლური ვალუტებში სტაბილურად კლებულობს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაისიდან სავალუტო ბირჟაზე ყველაზე ყიდვა-გაყიდვადი ვალუტა ჩინური იუანი გახდა, მან ვაჭრობის მოცულობის 54% დაიკავა. ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან რუბლის ოფიციალური კურსი დასავლური ვალუტების მიმართ საცალო ნაღდი ვაჭრობის საფუძველზე დადგინდებოდა.

პანიკა მართლაც დაცხრა. 13 ივნისის დღის ბოლოს დოლარის „სპრედი“ 15 რუბლამდე შემცირდა. მეორე დღეს ვალუტის საცალო ბაზარზე მნიშვნელოვანი აქტიურობა არ შეინიშნებოდა. დოლარის და ევროს ყიდვაზე გაზრდილი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სანქციების ახალი პაკეტი ისეთივე უშედეგო აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედები. თუმცა სპეციალისტები ელიან, რომ ამჯერად საქმე სხვანაირად განვითარდება.

დასავლური ვალუტების ყიდვაზე შეზღუდვას უშუალო შედეგები არ მოჰყოლია იმიტომ, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სავაჭრო ნაკადები აზიაზე გადაერთო. აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით ჩინეთი და საუდის არაბეთი, გახდნენ რუსეთისთვის დასავლური პროდუქციის და ტექნოლოგიის ტრანზიტული მიმწოდებლები. შესაბამისად, რუსეთში გაიზარდა მოთხოვნა აზიის ქვეყნების ვალუტის მიმართ.

ზემოთხსენებულ საქციების პაკეტში, სწორედ ასეთი ოპერაციის განმახორციელებელი ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მკაცრი ზომები გამოცხადებული. შემთხვევითი არაა, რომ სანქციურ სიაში მოხვედრილ 300 კომპანიის შორის უმეტესობა ჩინეთის და საუდის არაბეთის საფინანსო ინსტიტუტებია. ასე რომ, რუსული სავალუტო ბაზრის დასტაბილურების და სანქციების ბოლო პაკეტის არაეფექტურობაზე დასკვნის გაკეთება ნაადრევია.