ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 10 – 16 ივლისი

ივნისში ექსპორტი 22%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 10%-ით

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტმა $547 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია. 

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა $1.2 მლრდ. იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. 

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10 266.2 მლნ. შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1%-ით მეტია. 

2023 წლის პირველ 6 თვეში:

  • ექსპორტი – $3 050.4 მლნ. (+19.2%)
  • იმპორტი – $7 215.8 მლნ. (+20.4%)

⭕ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივნისში $4 165.4 მლნ. შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ია.

ივნისში სავალუტო რეზერვები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში სავალუტო რეზერვები $65 მილიონით გაიზარდა და $5.06 მილიარდს მიაღწია.

წლიურ ჭრილში სავალუტო რეზერვების მატებამ 29% შეადგინა.

ხოლო, მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით, საერთაშორისო რეზერვები 65.3 მლნ დოლარით ანუ 1.3%-ით გაიზარდა.

სავალუტო რეზერვების მატება, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვას, ასევე მთავრობის სავალუტო ოპერაციებს (ვალის აღება) უკავშირდება.

„აწარმოე საქართველოში“ კომპანიებისთვის ბონდების გამოშვებისას ტექნიკური დახმარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს

„აწარმოე საქართველოში“ კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშესაწყობად ტექნიკური დახმარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.

ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშს წარმდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების წყარო უნდა არსებობდეს და ამის ყველაზე კარგი მაგალითი კაპიტალის ბაზრებია.

“პირველ რიგში, ტექნიკური დახმარების პროგრამების ჩაშვებას ვგეგმავთ, როგორიცაა მაგალითად, კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დახმარება. ეს პროცესი ძალიან კონკრეტულ ცოდნას, ტრენინგებს და ხარჯებს მოიცავს, ამ მიმართულებით როგორც ტექნიკური ცოდნის დახმარებით შესვლას, ასევე კომპანიებისთვის ფინანსური ობლიგაციების გამოშვებაში ფინანსურ დახმარებაში შესვლას ვფიქრობთ“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამჟამად კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისთვის.

დაწყების დღიდან წმინდა ამონაგებმა 620 მილიონ ლარს გადააჭარბა

საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის ივნისის ჩათვლით 49.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 10.1% შეადგინა. 

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.63 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მილიონი ლარია.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 631 მილიონ ლარს შეადგენს.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 420 ათასი ადამიანია.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4,118 პირმა და მათზე გაცემული თანხა 11,7 მილიონ ლარს შეადგენს.

❗ 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტოში სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელი ამოქმედდება. დამზოგველებს შეეძლებათ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ.

აშშ-ში ინფლაცია 3%-მდე შემცირდა

აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 4.8%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე გაზარდა.

ჩინეთი დეფლაციის საფრთხის წინაშეა

ჩინეთის ეკონომიკური აღდგენის სტრატეგია დასახულ მიზანს ვერ აღწევს – კოვიდრეგულაციების გაუქმების მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის სრულად აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა, ქვეყანა კი ამჟამად დეფლაციის საფრთხის წინაშეა.

ივნისში, ჩინეთის მწარმოებლის ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით დაეცა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ხოლო წლიური ინფლაციის დონე თითქმის 0%-მდე შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა, რაც ეკონომიკური ზრდისათვის ოპტიმალური მოცემულობა არ არის.

ზოგადად, დეფლაცია ეკონომიკაში ფასების შემცირებას გულისხმობს. ასეთ დროს მომხმარებლები ხარჯვას ერიდებიან, კომპანიები კი ახალ ინვესტიციებს აღარ ახორციელებენ, რადგან მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მომავალში ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

წარმოებასა და მრეწველობაზე დამოკიდებული ეკონომიკისათვის დეფლაცია განსაკუთრებით საშიშია, ჩინეთი კი, მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფოა.

კრიპტოვალუტა XRP-იმ ისტორიულ სასამართლო დავაში ნაწილობრივ გაიმარჯვა

ციფრული აქტივების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დავა კრიპტოკომპანიის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ, ანალიზა ტორესმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და კრიპტოვალუტა XRP ნაწილობრივ გაამართლა.

რა იყო SEC vs. Ripple?

SEC vs. Ripple იყო მიმდინარე სასამართლო საქმე შეერთებული შტატების ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონულ სასამართლოში, რომელსაც შეეძლო გადაეწყვიტა კრიპტოვალუტის რეგულაციების მომავალი და განესაზღვრა, იყო XRP ფასიანი ქაღალდი თუ ნედლეული.

2020 წელს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ Ripple-მა, ბლოკჩეინის შემქმნელმა და XRP კრიპტოვალუტის ტოკენის შემქმნელმა, 2013 წელს $1,4 მილიარდზე მეტი შეაგროვა XRP-ის არარეგისტრირებული შეთავაზებით და ინვესტორებზე მიყიდვით.

❗ სასამართლომ, განაჩენის გამოსატანად, იხელმძღვანელა ჰოუის ტესტით.

რა არის ჰოუის ტესტი? 

ჰოუის ტესტი ეხება აშშ-ს უზენაესი სასამართლოს საქმეს (SEC v. Howey), რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, ითვლება თუ არა გარიგება „საინვესტიციო კონტრაქტად“ და შესაბამისად, ჩაითვლება თუ არა ფასიანი ქაღალდად 1933 წლის ფასიანი ქაღალდების აქტისა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების ბირჟის შესახებ კანონის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საინვესტიციო ხელშეკრულება არსებობს, თუ არის „ფულის ინვესტიცია საერთო საწარმოში მოგების გონივრული მოლოდინით, რომელიც მიღებული იქნება სხვათა ძალისხმევით“.

რა შედეგი მივიღეთ?

ორივე მხარემ ნაწილობრივ გაიმარჯვა:

SEC-მა მოიპოვა უფლებამოსილება ინსტიტუციონალურ გაყიდვებზე.
ხოლო, ბირჟებს შეუძლიათ დაუშვან კრიპტოვალუტით ვაჭრობა, რადგან გადაწყვეტილება მხარს უჭერს შეხედულებას, რომ ბირჟებზე კრიპტოვალუტის ტრანსაქციები არ არის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.

⭕ სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთელი კრიპტო ინდუსტრიისთვის, თუმცა, ნათელია, რომ SEC ცდილობს იყოს ინდუსტრიის მთავარი მარეგულირებელი და Ripple-ის წინააღმდეგ ნაბიჯები პირველი ნაბიჯია ყველა ტოკენის ფასიან ქაღალდებად კლასიფიკაციისთვის.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის რეზერვებს ავსებს

ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირი ბუნებრივი აირის რეზერვებს რეკორდული ტემპით ავსებს.

ივნისის მდგომარეობით, ევროკავშირის მასშტაბით არსებული გაზსაცავები 76%-ითაა შევსებული, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალი მაჩვენებელია.

ევროკომისია მიზნად ისახავს, რომ პირველი ნოემბრისთვის რეზერვების 90% სრულად იყოს შევსებული. დეკემბერში კი გაზსაცავები მაქსიმალურ ნიშნულამდე უნდა იქნეს შევსებული.

ამავდროულად, სანქციების და ბოიკოტის მიუხედავად, ესპანეთმა რუსული გაზის იმპორტი გაზარდა.

მაისში ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის 28% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან იყო იმპორტირებული.

სართო ჯამში, ერთი თვის განმავლობაში ესპანეთმა რუსეთისგან 9.7 გიგავატი-საათის მოცულობის ბუნებრივი აირი შეისყიდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. თხევად მდგომარეობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალული არ არის და ამით ესპანეთი სანქციებს არ არღვევს.