“ბრეტონ ვუდსის” რეორგანიზაციის მოლოდინში
მსოფლიო სახელმწიფოთაშორისი საფინანსო სისტემის სტრუქტურა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. მას იცნობენ როგორც „ბრეტონ ვუდსის სისტემის“, ასევე „ვაშინგტონის კონსესუსის“ სახელითაც. სისტემის ცენტრში აშშ დოლარია, როგორც საერთაშორისო დომინანატი ვალუტა. სისტემის ფუნქციონირების წესების მთავარი დამცველი „საერთაშორისო სავალუტო ფონდია“, იგივე „აი-ემ-ეფი“ (IMF).
აი-ემ-ეფი ეკონომიკური პრობლემების მქონე სახელმწიფოებს, მათი ვალუტის სიმყარის შესანარჩუნებლად, ოპერატიულად აძლევს სესხებს დოლარში. ამ სესხებს ფინანსური დისციპლინის დაცვის სხვადასხვა პირობა მოჰყვება. თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გამო ვერ ახერხებს ამ პირობების შესრულებას და მათი შესრულება ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ეკონომიკის შენელებას ან სტაგნაციასაც კი იწვევს. სწორედ ამ უარყოფითი ეფექტის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა აი-ემ-ეფის მეწყვილე ორგანიზაცია, „მსოფლიო ბანკი“, რომელიც აი-ემ-ეფის კლიენტ სახელმწიფოებს გრანტებსა და დაბალპროცენტიან სესხებს სთავაზობს ეკონომიკური განვითარების შესანარჩუნებლად. „მსოფლიო ბანკი“ ამ სერვისების სანაცვლოდ ქვეყნებს ლიბერალური საბაზრო ეკონომიკური რეფორმების გატარებს სთხოვს – სწორედ ამაშია „ვაშინგტონის კონსესუსი“.
საქართველო ამ სისტემის კლიენტი 1994 წელს გახდა, სწორედ იმ პერიოდში, როცა ქვეყანა ორი ომისა და სამოქალაქო კონფლიქტის მსხვერპლი იყო. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, ეკონომიკა 80%-ით იყო შემცირებული. იმ პერიოდში შემოღებული ეროვნული ფულის ერთეული – კუპონი, ჰიპერინფლაციას განიცდიდა. „ვაშნგტონის კონსესუსმა“ სწრაფი შედეგები გამოიწვია – 1995 შემოღებული იქნა მყარი ეროვნული ვალუტა – ლარი, ეკონომიკამ ზრდა დაიწყო.
თუმცა ამ გამოცდილებას ყველა დადებითად როდი აფასებს. სწორედ იმ დროს განხორციელებულ რეფორმებს აბრალებენ საქართველოს საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიული ბაზის განადგურებას, უმუშევრობისა და შემოსავლების არათანაბრობის ზრდას, ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინებას.
მიუხედავად იმისა, რომ „ბრეტონ ვუდსის სისტემას“ მისი დაფუძნებიდან აკრიტიკებენ, მან დროის გამოწვევებს გაუძლო და თითქმის უკვე 80 წელია არსებობს. თუმცა ბოლო პერიოდში მისი კრიტიკა უფრო ხმამაღალი და არგუმენტირებული გახდა. მსოფლიო ეკონომიკის ბალანსი შეიცვალა – წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების ცენტრმა აზიაში გადაინაცვლა. ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდნენ; იაპონია, სამხრეთ კორეა და ტაივანი – ტექნოლოგიების განვითარების ლიდერები, სინგაპური და ჰონგ-კონგი კი საერთაშორისო საფინანსო ცენტრებად ჩამოყალიბდნენ. „ბრეტონ ვუდსის სისტემას“ კვლავ დასავლეთის ქვეყნები, ძირითადად კი ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებენ. თუ მსოფლიო ეკონომიკის ახალი რეალობა საერთაშორისო საფინანსო სისტემაში არ აისახა და აზიის ქვეყნებმა მის მართვაში მეტი გავლენა არ მოიპოვეს, ამას საფინანსო სისტემის დიდი რყევები და განუსაზღვრელობის პერიოდი მოჰყვება.