ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 11-17 სექტემბერი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ს შეადგენს.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

თუ იპოთეკური ან სამომხმარებლო სესხი გაქვს და შენი კრედიტი ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, დიდი ალბათობით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ან კლება კარგად ნაცნობი თემა იქნება. ეს მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლარში დენომინირებულ სესხებზე განაკვეთების ზრდას ნიშნავს, რაც მომხმარებლისთვის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის) “აძვირებს” სესხის აღებას. შესაბამისად, სესხებზე მოთხოვნა იკლებს და ეკონომიკაში მცირდება ხარჯვა. შემცირებული ხარჯვა, თავის მხრივ, შემცირებულ მოთხოვნას ნიშნავს, რაც ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას საპირისპირო ეფექტი აქვს:

  1. იკლებს განაკვეთები საკრედიტო რესურსებზე
  2. იზრდება მოთხოვნა სესხებზე (ბიზნესებისა და ფიზიკური პირების მხრიდან)
  3. ეკონომიკაში იზრდება ხარჯვა
  4. იზრდება მოთხოვნა საქონელსა და სერვისებზე, რის შედეგადაც იზრდება ეკონომიკა
  5. გაზრდილი მოთხოვნა ხელს უწყობს ინფლაციის ზრდას

რატომ შეამცირა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი?

ეროვნული ბანკის უმთავრესი მიზანი ეკონომიკაში სტაბილური ფასების უზრუნველყოფაა. რას ნიშნავს სტაბილური ფასები? ეროვნულ ბანკს დაწესებული აქვს 3%-იანი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, თუ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3%-თან ახლოსაა,  ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ფასები სტაბილურია.

ბოლო თვეების განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 3%-იან ნიშნულს ჩამოსცდა და აგვისტოში 0.9% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ჭარბი ინფლაციის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, რაც ეროვნულ ბანკს აძლევს შესაძლებლობას ეტაპობრივად შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი და წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.

რა გავლენა ექნება განაკვეთის შემცირებას საქართველოს ეკონომიკაზე?

მიმდინარე სესხებზე განაკვეთების შემცირება: 186 632 მომხმარებელს მიმდინარე სესხებზე განაკვეთები შეუმცირდება. ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მოცულობა 11.4 მლრდ ლარია. აქედან 51% ბიზნეს სესხია, 32% იპოთეკური, ხოლო 17% სამომხმარებლო;

ლარის ახალ სესხებზე განაკვეთის შემცირება: ლარში დენომინირებულ სხვადასხვა ტიპის – სამომხმარებლო, იპოთეკურ თუ ბიზნეს – სესხებზე შემცირდება საპროცენტო განაკვეთები;

ლარში დაკრედიტების ზრდა: ლარში დენომინირებულ სესხებზე განაკვეთების შემცირება პოტენციურად ეროვნულ ვალუტაში სესხებაზე გაზრდის მოთხოვნას, რაც შეამცირებს დოლარიზაციას და პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზე;

საბანკო დეპოზიტების განაკვეთების შემცირება: სესხების განაკვეთებთან ერთად, შესაძლოა შემცირდეს განაკვეთები საბანკო დეპოზიტებზე;

– მომატებული ეკონომიკური ზრდა: სესხებზე განაკვეთების შემცირების შედეგად გაზრდილი ხარჯვა და ინვესტიციები პოტენციურად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

როგორია სამომავლო პროგნოზი?

ინფლაცია: ინფლაციის მიმართ პროგნოზები ოპტიმისტურია. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება. რაც შეეხება 2024 წელს, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივზე მცირედით მაღალი იყოს.

რეფინანსირების განაკვეთი: მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას და წლის ბოლომდე 9.5%-იან მაჩვენებლამდე დაიყვანს. რაც შეეხება 2024 წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მცირედით იქნება მიზნობრივზე მაღალი, ეროვნული ბანკი მაინც გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 8% იქნება.

 

ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისი და მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი ისტორიულად იყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, რომელიც შეადგენს მისი მშპ-ს მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა, უკვე კარგა ხანია, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ინდუსტრია „გადახურებულია“ – ხდებოდა ურბანიზაციის ხელოვნური დაჩქარება “რეალური“ მოთხოვნის გარეშე და მრავლდებოდა “მოჩვენება ქალაქები” – უზარმაზარი ურბანული ტერიტორიები, სადაც პრაქტიკულად არავინ ცხოვრობს. უძრავი ქონების დეველოპერები იღებდნენ დიდ ვალებს ამბიციური პროექტების დასაფინანსებლად.

კრიზისის ნიშნები ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების მსხვილი დეველოპერები ლიკვიდურობის გამოწვევების წინაშე დადგნენ  და ვეღარ ასრულებდნენ სავალო ვალდებულებებს. კომპანია Evergrande, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების დეველოპერი, გახდა ამ კრიზისის მთავარი „სახე“. კომპანიის უუნარობამ გადაიხადოს თავისი ვალები, გამოიწვია პანიკა ინვესტორებში, უძრავი ქონების მფლობელებსა და მომწოდებლებში. რაც მეტი დეველოპერი ჩავარდა მსგავს მდგომარეობაში, ცხადი გახდა, რომ Evergrande-ს მდგომარეობა არა იზოლირებული ინციდენტი, არამედ სისტემური პრობლემის ნაწილი იყო.

კრიზისის გავლენა ჩინეთის ეკონომიკაზე

ფინანსური სისტემის სტრესი: უძრავი ქონების სექტორსა და ჩინურ ფინანსურ სისტემას შორის ურთიერთკავშირი ნიშნავს, რომ უძრავი ქონების კრიზისს მნიშვნელოვანი არასტაბილურობის გამოწვევა შეუძლია. ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ემუქრებათ უიმედო სესხების ზრდა და ლიკვიდობის პრობლემა.

მომხმარებელთა ნდობა: რადგან ბევრი ჩინელი ოჯახისთვის ქონება წარმოადგენს სიმდიდრის შენახვის ძირითად ფორმას, ქონების ფასების კლებამ და პროექტების შეჩერებამ შეამცირა მომხმარებელთა ნდობა, რამაც გამოიწვია სამომხმარებლო ხარჯების შემცირება. ეს კი თავისთავად, ჩინეთის ეკონომიკის სხვა სექტორების შენელებას იწვევს.

დასაქმება: უძრავი ქონების სექტორში, მის დამხმარე ინდუსტრიებთან ერთად (როგორიცაა მშენებლობა, ფოლადი, ცემენტი), დასაქმებულია ჩინეთის სამუშაო ძალის დიდი ნაწილი. მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნების საფრთხე რეალური გახდა, რაც პოტენციურად ქვეყანაში სოციალურ სტაბილურობის პრობლემებს წარმოშობს.

კრიზისის გლობალური შედეგები

მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები: იმის გამო, რომ ჩინეთის ეკონომიკა სტრესის წინაშე აღმოჩნდა, გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს, რომლებიც უკვე ნაწილობრივ დარღვეულია COVID-ის პანდემიის გამო, შემდგომი შეფერხებები ემუქრება. ამას კასკადური გავლენის მოხდენა შეუძლია მთელს მსოფლიოზე, საავტომობილო დარგიდან დაწყებული, სამთო მოპოვების, ფოლადის წარმოების, ელექტრონიკისა და აგროპროდუქტების დარგებამდე.

ინვესტორების განწყობა: ჩინეთში უძრავი ქონების სექტორის ირგვლივ გაურკვევლობამ გლობალური ინვესტორები დააფიქრა, რამაც გამოიწვია განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინება და რისკის „აპეტიტის“ გლობალური შემცირება.

ვაჭრობა: ჩინეთის ეკონომიკის შენელებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის სავაჭრო პარტნიორებზე. კერძოდ, ჩინეთში საქონლის ექსპორტის ქვეყნები (მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნები) შეიძლება აღმოჩნდნენ შემცირებული მოთხოვნის წინაში.

კაპიტალის ბაზრები: უძრავი ქონების კრიზისმა გამოიწვია რყევები გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე, რადგან ჩინეთის ობლიგაციების ბაზარი, კაპიტალის ბაზრები და მისი ვალუტა განიცდიან ზეწოლას.

 

ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისი მსოფლიო ეკონომიკის მზარდი გლობალიზაციის შეხსენებაა. ჩინეთის მთავრობა ცდილობს კრიზისის შეკავებას და სისტემური რისკის თავიდან აცილებას. მაგრამ მისი უარყოფითი შედეგები უკვე მთელ მსოფლიოში იგრძნობა. ამ ეტაპზე არ არის ცხადი, თუ როდის და რა ფასად მოხდება სიტუაციის დასტაბილურება.