თავიდან აცილებული გლობალური კატასტროფა
დღევანდელ არეულ მსოფლიოში გლობალური კატასტროფის ხსენებისას ზოგს უკრაინა-რუსეთის ომი ახსენდება, ზოგს – ისრაელის ოპერაცია ღაზაში, ზოგს – ეკოლოგიური პროცესები, კიდევ ზოგს – სოციალური დაძაბულობის ზრდა დასავლეთის ქვეყნებში. მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ 29 მარტს ბედნიერმა შემთხვევითობამ მართლაც გლობალური კატასტროფა, მთელი ინტერნეტის „დაჰაკვა“, აგვაცილა თავიდან.
რომ არა „მაიკროსოფტის“ პროგრამისტის ანდრეს ფროინდის მიერ „ლინუქსის“ ოპერაციული სისტემის ერთ-ერთ ქვეპროგრამაში აღმოჩენილი კომპუტერული ვირუსი, ახლა ინტერნეტის ძირითადი ქსელის მილიონობით სერვერი ჰაკერი (ან ჰაკერთა ჯგუფის) ჯია ტან-ის უხილავი კონტროლის ქვეშ იქნებოდა. ეს შეთქმულების თეორია თავის ჰოლივუდის ფილმს იმსახურებს.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე ინტერნეტი ათასობით „ღია კოდის“ (open source) პროგრამების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ეს პროგრამები ინჟინერთა მცირე ჯგუფების ან ცალკეული პროგრამისტების მიერაა შექმნილი და მათი კოდი საჯაროდ არის გამოქვეყნებული. ინტერნეტი სწორედ საჯაროობის გამო ვითარდება ასე წარმატებით – მილიონობით სპეციალისტს ამ პროგრამების ანალიზი და მათი გაუმჯობესების შეთავაზება შეუძლია. ამ პროგრამებს შორის ყველაზე გავრცელებული ფინელი ლასსე კოლინის XZ მონაცემების „შეკუმშვის“ პროგრამაა. XZ ინტერნეტის ყველა სერვერის საოპერაციო სისტემის განუყოფელი ნაწილია.
რამდენიმე წლის წინ ლასსე კოლინი პროფესიონალურ სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა XZ-ის გაუმჯობესების ნელი ტემპის გამო. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს კრიტიკა ერთი ცენტრიდან მართული მრავალი ყალბი მომხმარებლის (fake accounts) სახელით ხდებოდა. კოლინმა ასეთ წნეხს ვერ გაუძლო და ამ წლის დასაწყისში XZ-ის გაუმჯობესება ახლადგამოჩენილ ინტერნეტ აქტივისტს ჯია ტან-ს გადააბარა. სწორედ ჯია ტანის მიერ XZ-ის კოდში შეტანილ ცვილებებში აღმოჩნდა ვირუსი, „ტროას ცხენი“, რომელიც მის ავტორს მილიონობით სერვერის ინფორმაციაზე შეუზღუდავ წვდომას მისცემდა.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობლია ჯია ტანის და მისი დამკვეთის ვინაობა. მიმდინარე გამოძიების მიუხედავად, არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ მათ მიაგნებენ. ერთი კი ცხადია: დღევანდელი ფორმით ინტერნეტი ძალიან დაუცველია და აუცილებელია მისი სტრუქტურის ფუნდამენტური ცვლილება.