ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 17 – 23 ივლისი

2023 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10 266.2 მლნ. შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1%-ით მეტია.

⭕ 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6% შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  1. თურქეთი – $1.46 მლრდ.
  2. რუსეთი – $1.23 მლრდ.
  3. აშშ – $820.9 მლნ.

⭕ 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. სომხეთი – $440 მლნ.
  2. აზერბაიჯანი – $413.3 მლნ.
  3. რუსეთი – $343.9 მლნ.

⭕ 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა.

პირველ სამეულში შედის:

  1. თურქეთი – $1.25 მლრდ.
  2. რუსეთი – $927.3 მლნ.
  3. აშშ – $775.2 მლნ.

ადგილობრივი ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა და $3.1 მლრდ. შეადგინა 

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $3.1 მლრდ. შეადგინა, რაც 19.3% -ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

⭕ ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს.

2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3% შეადგინა.

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  1. რუსეთი – $266.6 მლნ.
  2. ჩინეთი – $197.8 მლნ.
  3. თურქეთი – $188.2 მლნ.

ხოლო, რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, 2023 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის პირველი სამეული ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $336.2 მლნ. (22.8%)
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $125.7 მლნ. (8.5%)
  3. ფეროშენადნობები – $109.6 მლნ. (7.4%)

ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი 17,4%-ით შემცირდა

2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $353.2 მლნ. (924.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.4%-ით ($74.2 მლნ.) ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გადმორიცხული თანხის მოცულობა ივნისში თითოეულზე $1 მლნ. აღემატებოდა.

⭕ იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა. ტოპ ხუთეული ასეთია:

  1. რუსეთის ფედერაცია – $129.31 მლნ. (-44.13%)
  2. იტალია – $42,93 მლნ. (+20.67%)
  3. აშშ – $38.73 მლნ. (+40.03%)
  4. საბერძნეთი – $20.28 მლნ. (+77.7%)
  5. გერმანია – $20.19 მლნ. (+44.68%)

⭕ 2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $28.8 მლნ. (75.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის ($29.6 მლნ.) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.

საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული ფულადი გზავნილების ტოპ სამეული ასეთია:

  1. თურქეთი – $5.95 მლნ.
  2. რუსეთი – $3.64 მლნ.
  3. აზერბაიჯანი – 3 მლნ ლარი

გასულ წელთან შედარებით, 76%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია საქართველოს

2023 წლის პირველ ნახევარში 2,529,517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.

ასეთი ზრდის მიუხედავად, ვიზიტორების ნაკადი პანდემიამდელ დონესთან შედარებით შემცირებულია, რადგანაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

⭕ ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორების პირველი ხუთეული ასე ნაწილდება:

  1. თურქეთი – 582 527 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 122%
  2. რუსეთი – 577 632 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 134%
  3. სომხეთი – 397 116 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 103%
  4. ისრაელი – 106 530 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 26%
  5. აზერბაიჯანი – 85 777 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 29%

ბრიტანეთში ინფლაცია 7.9%-მდე შემცირდა

ივნისში, გაერთიანებულ სამეფოში, ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად, 7.9%-მდე შემცირდა, რაც 0.8%-ით ნაკლებია მაისის მაჩვენებელზე.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები პროგნოზირებდნენ სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიურ ზრდას 8.2%-ით, მაისის მოსალოდნელზე მაღალი 8.7%-იანი მაჩვენებლის შემდეგ, მაგრამ წლიური ფასების ზრდა კვლავ ბევრად აღემატება ინგლისის ბანკის 2%-იან მიზნებს.

⭕ ყოველთვიურად, საბაზისო ინფლაცია (CPI) გაიზარდა 0.1%-ით, მოსალოდნელ 0.4%-ის ნაცვლად. CPI – რომელიც გამორიცხავს ენერგიის, საკვების, ალკოჰოლისა და თამბაქოს არასტაბილურ ფასებს – უცვლელი დარჩა წლიურ 6,9%-ზე.

სამომხმარებლო ფასების კლებაში ყველაზე დიდი როლი საწვავზე ფასის კლებამ შეიტანა.

❗ მოგეხსენებათ, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესანელებლად წელს ინგლისის ეროვნულმა ბანკმა ზედიზედ 13-ჯერ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც ამჟამად 5%-ზეა.

ჩინეთმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

⭕ მოკლევადიანი რეფინანსირების განაკვეთი 3.5%-ზე დარჩა, ხუთწლიანი განაკვეთი კი 4.2%-ით განისაზღვრა.

❗ სავარაუდოდ, სტრატეგიის ცვლილება მთავრობის ახალ ეკონომიკურ სტრატეგიასთანაა დაკავშირებული.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა წლიურად 6.3%-ით გაიზარდა, თუმცა, წინა კვარტალთან შედარებით, ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 0.8%-ს შეადგენს, რაც ნაკლებია პროგნოზირებული ზრდის 2.2%-იან მაჩვენებელზე.

ქვეყანაში სწრაფად იზრდება უმუშევრობის დონეც. 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონემ 21.3%-ს მიაღწია, რაც თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

თურქეთმა საპროცენტო განაკვეთები 17.5%-მდე გაზარდა, მაგრამ ლირა კვლავ რეკორდულად უფასურდება

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 250 საბაზისო პუნქტით, 17.5%-მდე, გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ლირა კვლავ გაუფასურდა დოლართან შედარებით და 26.98-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

⭕ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთები გაცილებით უფრო მეტად, 500 საბაზისო პუნქტით უნდა გაზრდილიყო, იმისათვის, რომ ინფლაციას ეფექტიანად ებრძოლონ.

❗ შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თურქეთის ეროვნული ვალუტის ვარდნის მაჩვენებელი 30%-ს აღწევს.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

რუბლის მკვეთრად გაუფასურების ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით, 8.5%-მდე გაიზარდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია რუბლის გაუფასურებასთან, რომლის გაცვლითმა კურსმა დოლართან 94 რუბლს მიაღწია.

⭕ ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყების შემდეგ, რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რუბლმა ისტორიულ მაქსიმუმს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მიაღწია და გაცვლითმა კურსმა დოლართან 135 რუბლს შეადგინა.

❗ ერთწლიან პერიოდში რუსული რუბლი 28%-ითაა გაუფასურებული.