ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 18-24 სექტემბერი

რატომ იზრდება საწვავის ფასი საქართველოში?

ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, სხვადასხვა ქსელებში საწვავის ფასი 3-10 თეთრით გაიზარდა. საწვავის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საწვავის ფასი ახლო მომავალში შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

რა ფაქტორებმა განაპირობა საწვავის გაძვირება?

  • ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასის აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია შეინიშნება. ერთთვიან ჭრილში, ბარელი ნავთობის ფასი საერთაშორისო ინდექსების მიხედვით საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, მისი ფასი ბოლო ერთ თვეში 15%-ითაა გაზრდილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირების ძირითადი მიზეზი OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისა და რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით დააკორექტირა. შემცირების მიზანი ბაზარზე დეფიციტის შექმნაა, რაც თავისთავად ფასის ზრდას გამოიწვევს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს მარჟებს გაუზრდის.

გლობალურად გაძვირებული ნავთობი, საიდანაც ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება საწვავი, პირდაპირ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ფასზე.

  • რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვა

გასულ კვირას რუსეთის ფედერაციამ საწვავის ექსპორტის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის განკარგულებით, შეიზღუდა რაფინირებული ბენზინის, დიზელის და ნავთობპროდუქტების უცხოეთში გაყიდვა.

ოფიციალური კრემლის განმარტებით, ექსპორტის შეზღუდვა ადგილობრივ ბაზარზე არსებული დეფიციტის არის განპირობებული, რაც რუსეთის მასშტაბით საწვავის გაძვირებას იწვევს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო თვეებში საქართველოში საწვავის იმპორტიორების მთავარი წყარო რუსეთი იყო, ექსპორტის აკრძალვა პირდაპირ ზეგალვენას ახდენს საქართველო საწვავის ბაზარზე.

რუსული საწვავის ჩანაცვლება იმპორტიორებს უწევთ სხვა წყაროებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი და ევროკავშირის ქვეყნები. აღნიშნულ ბაზრებზე საწვავი გაცილებით უფრო ძვირია ვიდრე რუსეთში, რაც ზრდის იმპორტის ფასს და საბოლოო ჯამში აისახება საწვავის საცალო ფასზე ბენზინგასამართ სადგურებზე.

რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს, რაც ბაზარზე დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის. აღნიშნული პროგნოზის რეალიზების შემთხვევაში, საწვავის ფასების ზრდა შესაძლოა გაგრძელდეს.

ამასთან, საქართველოში საწვავის ფასი მოკლე ვადაში დიდწილად რუსეთის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვა გაგრძელდება, საწვავის იმპორტიორებს მოუწევთ გაცილებით უფრო ძვირი ევროპული და აზერბაიჯანული საწვავის შემოტანა, რაც საცალო ქსელებში კიდევ უფრო გააძვირებს საწვავის ფასს.