ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10.5%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
სებ-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ წლიური ინფლაცია უკვე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბლაა და 1.5%-ს შეადგენს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გეგმაზომიერი ნაბიჯებით უნდა მოხდეს.
️ “საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 1.5 პროცენტამდე (აპრილში – 2.7), ხოლო საბაზო – 3.9 პროცენტამდე (აპრილში – 4.7) შემცირდა. ინფლაციის შემცირებას, მეტწილად, ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევის შედეგად, იმპორტული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. აღნიშნულ ტენდენციას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ხელს და შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და ინფლაციური მოლოდინებიც. თუმცა, ადგილობრივი ინფლაციის კლება შედარებით მცირე ბიჯებით ხდება და მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია – მაისში 9.1 პროცენტი.” ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.
⭕ სავარაუდოა, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს შემდგომ სხდომაზე, რომელიც 2 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა აირჩიეს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩია.
️საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია განისაზღვრა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ქალი შეასრულებს.

2023 წლის I კვარტალში მშპ 7.7%-ით გაიზარდა
2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 470.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის I კვარტალში 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
2023 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა
- ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (+14%)
- ინფორმაცია და კომუნიკაცია (+44.2%)
- მშენებლობა (+15.1%)
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (+10.5%)
- განათლება (+13.4%)
ხელოვნება, გართობა და დასვენება (+17.2%)
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:
- დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6%)
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7%)
- სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8%)
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3%)
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3%)
იანვარ-მაისში, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.9%-ით შემცირდა
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $2.5 მლრდ. შეადგინა, რაც 18.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 49.2%-ს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22.9%-ით შემცირდა და $1.2 მილიარდს გაუტოლდა.
2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
- რუსეთი -$219.3 მლნ.
- ჩინეთი – $176.2 მლნ.
- თურქეთი – $152.6 მლნ.
2023 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში, მოწინავე პოზიციები უკავიათ:
- სპილენძის მადნებს და კონცენტრატებს – $310.6 მლნ. (25.2%)
- ყურძნის ნატურალური ღვინოებს – $103.3 მლნ. (8.4%)
- ფეროშენადნობებს – $86.5 მლნ. (7%)
ინფლაცია კვლავ უცვლელია (8.7%), ინგლისის ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს
მაღალ ინფლაციასთან გასამკლავებლად, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
❗ მაისში, წლიური ინფლაციის დონე, აპრილის თვესთან შედარებით, უცვლელი დარჩა და 8.7% შეადგინა.
ხოლო, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, CPI-ის დონემ გასულ თვეს 7.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 0.3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე და 30-წლიან მაქსიმუმს წარმოადგენს.
ევროპის ქვეყნები განაგრძობენ მაღალ ინფლაციასთან ბრძოლას
მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ევროპის ქვეყნებმა რეფინანსირების განაკვეთები გაზარდეს.
ინგლისის მსგავსად, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს ნორვეგიამ და შვეიცარიამ.
ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 3.75%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლეს მაჩვენებელია.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან, ამჟამად ნორვეგიაში წლიური ინფლაციის დონე 6.7%-ს შეადგენს, რაც ოცწლიანი მაქსიმუმია.
️ხოლო, რაც შეეხება შვეიცარიას, ეროვნული ბანკის კომიტეტის შეხვედრაზე ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა და განაკვეთმა 1.75%-იან ნიშნულს მიაღწია.
ბანკის განმარტებით, ინფლაციის სამიზნე ნიშნული 2%-ის ფარგლებშია, ამჟამად კი წლიური ინფლაციის დონე 3.5%-ს შეადგენს, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია.
ჩინეთი მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებს
გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს.
️სახალხო ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საშუალოვადიანი სასესხო განაკვეთი დამატებით 10 საბაზო პუნქტით, 3.55%-მდე შემცირდა, ხოლო, ხუთწლიანი განაკვეთის მოცულობა 4.20%-მდე დაეცა. ანალოგიური გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა გასულ თვესაც მიიღო. ცვლილების შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი სამწლიან მინიმუმამდე შემცირდა.
მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზანი ეკონომიკური აქტივობის წახალისებაა, ვინაიდან, დაბალი განაკვეთის პირობებში მომხმარებელს მეტის ხარჯვის სურვილი უჩნდება; მეწარმეები და ბიზნესები უფრო მარტივად ახერხებენ კაპიტალის მოზიდვას და გაფართოებას; ინვესტორები კი შედარებით სარისკო პროექტებსა და სტარტაპებში თანხის დაბანდებისგანაც ნაკლებად იკავებენ თავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროგნოზირებულ მაჩვენებელს. იმედგამაცრუებელი შედეგებია ინდუსტრიულ წარმოებასთან მიმართებითაც.
თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად, 15%-მდე გაიზარდა
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს, არსებობის ისტორიაში, არასდროს მიუღია.
❗ მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, თურქული ლირა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და $1 = ₺25.5
განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 40%-ს შეადგენს, თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე 200%-ის ფარგლებშია.
⭕ გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად ჰაფიზ ერკანი დანიშნა.