ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 20 – 26 ნოემბერი

სამეფო კარის თამაშები ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში

 

17 ნოემბერს  კომპანია OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს განცხადებამ კომპანიის დირექტორის, სემ ალტმანის, გადაყენების შესახებ მსოფლიო IT ინდუსტრიაში შოკი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ OpenAI, ახლა უკვე განთქმული ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის მფლობელი და 80 მილიარდ დოლარად შეფასებული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომლის ინვესტორთა შორის იყვნენ ილონ მასკი და მაიკროსოფტი.

გადაყენების შესახებ მოულოდნელი განცხადების შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში მოვლენები დრამატულად განვითარდა. სემ ალტმანის გაშვებას, იმ დღესვე, საბჭოს თავმჯდომარის, გრეგ ბროკმანის გადაყენება მოჰყვა. შაბათს კი ალტმანმა და ბროკმანმა ახალი კომპანიის შექმნა დააანონსეს, რომელში გადასვლის სურვილიც OpenAI-ს რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა გამოთქვა. მომდევნო დღეს, მაიკროსოფტის ზეწოლით, სემ ალტმანის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე საათში ჩაიშალა. ამ მოლაპარაკებას თან ახლდა OpenAI-ს 700-ზე მეტი თანამშრომლის განცხადება კომპანიის დატოვების შესახებ თუ ალტმანი არ დაბრუნდებოდა თანამდებობაზე. ორშაბათს მაიკროსოფტმა გამოაცხადა, რომ ალტმანი და ბროკმანი მაიკროსოფთის ხელოვნური ინტელექტის ქვეგანყოფილებას ჩაუდგებოდნენ სათავეში და OpenAI-ს თანამშრომლებს მაიკროსოფტში გადმოსვლა შესთავაზა. უკვე სამშაბათს ყველაფერი ალტმანის და მაიკროსოფტის უპირობო გამარჯვებით დასრულდა: დირექტორთა საბჭომ სემ ალტმანი დირექტორად და გრეგ ბროკმანი საბჭოს თავმჯდომარედ აღადგინა, საბჭოს „მეამბოხე“ წევრები კი ახალი წევრებით ჩანაცვლდნენ.

ამ მოკლე საინფორმაციო შეტყობინებების მიღმა მრავალი ინტრიგა და ინტერესებისა და ემოციების შეჯახება იკითხება. ამის საილუსტრაციოდ ერთ ეპიზოდს გაგაცნობთ – შაბათ დღეს OpenAI-ს სათაო ოფისში ბროკმანის მეუღლესა და „მეამბოხეების” ლიდერს, ილია სატსკევერს შორის, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და სემისა და გრეგის დიდი ხნის მეგობარი იყო, ხმაურიანი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შემდეგ სატსკევერმა საჯაროდ აღიარა თავისი „შეცდომა“ და ალტმანის დაბრუნება მოითხოვა.

ამ საინტერესო ამბის დეტალური ანალიზი ჯერ კიდევ წინ გველის. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დაპირისპირების ფესვები OpenAI-ს კორპორატიული მართვის სისტემაში უნდა ვეძებოთ – კომპანიას უნივერსიტეტების პროფესორებით დაკომპლექტებული დირექტორთა საბჭო ჰყავდა, რომლის მიზანი კაცობრიობის ზოგადი ინტერესების დაცვა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარება იყო. ეს მიზანი კი „კომერციულად ორიენტირებული“ მენეჯმენტისა და მსხვილი ინვესტორების (მაგ. მაიკროსოფტი) გეგმებთან ხშირ წინააღმდეგობაში მოდიოდა. საბოლოოდ „კომერციამ“ გაიმარჯვა – ბორდის ახალი წევრები, მაიკროსოფთის წარმომადგენელთან ერთად, ამერიკის ყოფილი ფინანსთა მინისტრი (Treasury Secretary) ლარი სამერსი და ცნობილი IT კომპანიების, Sales Force-ისა და Quora-ს, დირექტორები ბრეტ ტეილორი და ადამ დეანჯელო გახდნენ.