ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 29 იანვარი-4 თებერვალი

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს 300 მილიარდიანი კომპანიის ლიკვიდაციას 

 

29 იანვარს ჰონგ-კონგის სასამართლომ ჩინეთის (და მსოფლიოს) უდიდესი დეველოპერის „ევერგრანდეს“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, 300 მილიარდი ვალის „ლიკვიდაციამ“ შეიძლება მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზული რყევები გამოიწვიოს.

„ევერგრანდეს“ პრობლემები 2021 წელს გახდა ცნობილი. 245 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანიას 300 მილიარდი დოლარის ვალები დაუგროვდა. დიდი ვალების გადახდას ჩინეთის უძრავი ქონების „საპნის ბუშტის“ (real estate bubble) პრობლემაც ართულებდა. სპეციალისტემბმა დათვალეს, რომ „ევერგრანდეს“ დაუმთავრებელ ბინებში ჩინეთის მთელი მოსახლეობა განთავსდებოდა.

უძრავი ქონების ინდუსტრია ჩინეთის მშპ-ს (GDP) 25%-ს შეადგენს. ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის ლიკვიდაციამ შეიძლება ამ ქვეყნის ეკონომიკის სტაგნაცია გამოიწვიოს. ჯერ კიდევ არ არის ცხადი, დაემორჩილება თუ არა კონტინენტული ჩინეთი ჰონგ-კონგის სასამართლო გადაწყვეტილებას. რომც დაემორჩილოს, ამ ზომის კომპანიის ლიკვიდაცია შეიძლება რამდენიმე წელზე გაიწელოს. არ არის გამორიცხული, რომ „ევენგრადემ“ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართოს.

ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ „ევერგრანდეს“ საგა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.