ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 22-28 აპრილი

ვინ იყიდის TikTok-ს?

24 აპრილს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აკრძალავს TikTok-ს შეერთებულ შტატებში, თუ მისი ჩინელი მფლობელი, ByteDance არ გაყიდის აპლიკაციას. TikTok-მა საჩივრით უკვე მიმართა სასამართლოს, მაგრამ დავის წაგების შემთხვევაში სწრაფად მოუწევს ახალი, აშშ-ს მთავრობისთვის მისაღები, მფლობელის პოვნა. TikTok-ს ამერიკაში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის განიხილება, როგორც „ძველი“ სოციალური მედიის გიგანტების, როგორიცაა Facebook-ის მშობელი Meta, მზარდ კონკურენტად.

სპეციალისტები ერთხმად გამორიცხავენ ორ ყველაზე ცხად პრედენტენდს – Google-ს და Meta-ს. ეს ორი გიგანტი მძაფრ ანტიმონოპოლურ დავებში არიან ჩართულები აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან, და დამატებითი „თავის ტკივილი“ არ სჭირდებათ. ამიტომაც მთავარ პრედენტენდად, ბოლო დრომდე, მიიჩნეოდა Microsoft-ი, რომელმაც ახლახანს თავისი ანტიმონოპოლური დავა მოუგო ზემოთხსენებულ კომისიას და კარგი სასტარტო პირობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი ფლობს სოციალურ პლატფორმა LinkdIn-ს, ეს უკანასკნელი ვიწრო პროფესიონალთა სფეროს ფარავს და არ განიხილება, როგორც TikTok-ის ნაირი „უნივერსალური“ სოციალური პლატფორმის კონკურენტი. შესაძლოა Microsoft-თან ერთად მყიდველების კონსორციუმში მსოფლიოს ყველაზე დიდი საცალო სავაჭრო ქსელი Walmart-იც გაერთიანდეს.

თუმცა ბოლო დღეებში TikTok-ის ახალი პოტენციური მყიდველი გამოჩნდა, დონალდ ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრი (treasury secretary) სტივენ მნუჩინი. უნდა ითქვას, რომ მნუჩინი, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ლობირებდა TikTok-ის აკრძალვას აშშ-ში, ასე რომ ამ კომპანიის ყიდვის სურვილი შეიძლება ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენდეს. მნუჩინს მხოლოდ TikTok-ის ბრენდის ყიდვა უნდა, მისი განთქმული ალგორითმის გარეშე, რომელმაც ამ პლატფორმას სოციალური მედიის დარგში თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა.

ამავე ტაქტიკას მისდევს ვენჩურული ინვესტორი კანადიდან კევინ ო’ლირი. მისი შეფასებით, TikTok-ის ბრენდი ალგოროთმის გარეშე 20 მილიარდ აშშ დოლარიდან 30 მილიარდამდე ღირს. რბოლა ამ მომხიბვლელი აქტივის ხელში ჩასაგდებად მხოლოდ ახლა იწყება. დარწმუნებულები ვართ, უახლოეს პერიოდში, სხვა პოტენციურ მყიდველებიც გამოჩნდებიან.