ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 22-28 იანვარი

როგორია მულტიმილიარდერი უორენ ბაფეტის საინვესტიციო ისტორია?

 

უორენ ბაფეტი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ინვესტორია. მისი საინვესტიციო სტრატეგია ბევრ ბიზნეს სკოლაში ისწავლება. ამის მიზეზი მისი ფინანსური წარმატებებია. ბაფეტის საინვესტიციო კომპანიის „ბერკშირ ჰათავეის“ აქციების ღირებულების ზრდაზე ლეგენდები დადის. ბაფეტმა „ბერკშირის“ აქციები 1965 წელს შეიძინა. ამ აქციებში მაშინ რომ ათასი დოლარი ჩაგედოთ, დღეს 30 მილიონი დოლარის პატრონი იქნებოდით. ასეთი წარმატებული გრძელვადიანი ინვესტიცია ძნელად თუ მოიძებნება. დღეს „ბერკშირის“ კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ის მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში შედის.

სპეციალისტების თქმით, „ბერკშირის“ პორტფელში შემავალი კომპანიები დღესაც ძალიან მომხიბლავ საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენენ. მათ შორის აღსანიშნავია „მასტერკარდი“. პლასტიკური ბარათების ამ კომპანიას ყველა იცნობს. ბოლო ათი წელია მისი საოპერაციო მოგება 50%-ს აჭარბებს. გამონაკლისი არც 2023 წლის ბოლო კვარტალი იყო, როცა ამ მაჩვენებელმა 58% შეადგინა. არაა გასაკვირი, რომ „მასტერკარდში“ ინვესტირებული კაპიტალის ამონაგები (ROIC – Return on Invested Capital) საშუალოდ 45%-ია.

კიდევ ერთი პერსპექტიული კომპანია ბრაზილიური „სთოუნკოა“ (StoneCo, NASDAQ:STNE). ეს არის ფინტექის დარგის კომპანია, რომელიც ემსახურება ბრაზილიის მცირე და საშუალო ბიზნესებს და უადვილებს მათ ფინანსურ ტრანზაქციებს გადახდის ტერმინალებითა და მობილური აპლიკაციებით. სპეციალისტების აზრით, ამ კომპანიას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს.

უორენ ბაფეტს შეცდომაც ჰქონია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შეცდომა მის მიერ 2020 წელს ამერიკელი საცალო ვაჭრობის გიგანტის „კოსტკოს“ აქციების გაყიდვაა. „ბერკშირმა“ მაშინ „კოსტკოს“ თავისი წილი 1.5 მილიარდ დოლარად გაყიდა. დღეს ამ აქციების ღირებულება უკვე 3 მილიარდი დოლარია. ეს საინვესტიციო შეცდომა თავად ბაფეტმაც აღიარა.

მაგრამ ცალკეული შეცდომების მიუხედავად, 93 წლის უორენ ბაფეტი უოლ სტრითის ყველაზე წარმატებულ ინვესტორად რჩება. ბევრს უცდია მისი წარმატების გამეორება, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით ვერავინ მოახერხა.