ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 23-29 ოქტომბერი

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

 

შაბათს 28 ოქტომბერს ადრე დილით ისრაელმა დაიწყო სამხედრო სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში, რაც კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევს. ამ ესკალაციის პოლიტიკური და სამხედრო შედეგები გაურკვეველია, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ველოდოთ  უარყოფით გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე.

ახლო აღმოსავლეთის წინა კონფლიქტების გაკვეთილებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ არასტაბილურობის ზრდა პროდუქტების და ფინანსურ ბაზრებზე. ეს განსაკუთრებით ნავთობის ფასებს ეხება. ასე იყო 1973-1974 წლებში OPEC-ის ნავთობის ემბარგოს, 1978-1979 წლების ირანის რევოლუციის, 1980 წელს დაწყებულ ირან-ერაყის ომის და 1990-91 წლებში სპარსეთის ყურის პირველ ომის დროს. ამჟამინდელი კონფლიქტის ეფექტი გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე დამოკიდებული იქნება სხვა მსხვილი რეგიონალური ძალების ჩართულობაზე. თუ კონფლიქტი მხოლოდ ისრაელით და ჰამასით შემოიფარგლა, ეფექტი ალბათ შეზღუდული იქნება და, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებსაც პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ ისრაელთან ან პალესტინასთან. მაგრამ უკვე არის ნიშნები, რომ სხვადასხვა ფორმით კონფლიქტში ჩაებმებიან ირანი, აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი და რუსეთი. ასე რომ გავლენაც, ალბათ, გლობალური იქნება.

მაგრამ წინა შემთხვევებიდან განსხვავებით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა სხვადასხვა გლობალური ალიანსების გადაჯგუფების პარალელურად. დეგლობალიზაციის ეს „ნელა მცოცავი“ ტენდენცია გაძლიერდება და ბევრი ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს. მაგალითად, აშშ და დიდი ბრიტანეთი უკვე კვეცავს საერთაშორისო მოწოდების ჯაჭვებს და ზოგიერთი ეკონომიკური აქტივობა, მათ შორის მინერალების მოპოვება ან პროდუქციის წარმოება, მათ სხვადასხვა ქვეყნიდან თავის ტერიტორიაზე გადმოააქვთ.

ისრაელსა და პალესტინას შორის გახანგრძლივებულმა კონფლიქტმა, განსაკუთრებით დიდი რეგიონალური ძალების ჩართულობით, შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს ეს გლობალური გადაჯგუფება და საზიანო გრძელვადიანი შედეგები მოუტანოს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას.