ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 25-31 მარტი

საფონდო ბირჟის მორიგი საოცრება

ამერიკის საფონდო ბირჟაზე ბევრი საინტერესო, აუხსნელი და კურიოზული შემთხვევა მომხდარა. მაგრამ 2024 წლის 26 მარტს ნასდაქის (NASDAQ) საფონდო ბირჟზე კომპანია DJT-ს აქციების საწყისმა განთავსებამ (IPO) ყველა ისტორიულ მაგალითს გადააჭარბა. კომპანიის ღირებულებამ, რომლის წლიური ბრუნვა სულ რამოდენიმე მილიონი დოლარია, 9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ფაქტი ყოველგვარ რაციონალურ ახსნას ეწინააღმდეგება. გასაღები კომპანიის სახელში იმალება – DJT ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ჯონ ტრამპის სახელის აბრევიატურაა.

კომპანიის ისტორია ტრამპისთვის განსაკუთრებით მძიმე დროს, 2021 წელს დაიწყო. სულ რამოდენიმე თვის წინ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. შემდეგ ის 20 იანვარს მომხდარ ამბოხებაში დაადანაშაულეს და სოციალური მედიის პლატფორმებიდან, მათ შორის მისთვის საყვარელი „თვითერიდან“, გააძევეს. სწორედ მაშინ დაიბადა ტრამპის სოციალური პლატფორმის „თრუს სოუშალის“ შექმნის იდეა, რომელიც მის ორ ძველ ნაცნობს უეს მოსს და ენდი ლიტინსკის ეკუთვნის. დასაწყისში თავად ტრამპი საკმაოდ გულგრილი იყო ახალი წამოწყების მიმართ. მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო აქტიურად იყენებდა ახალ პლატფორმას და ბევრი მიმდევარიც გაიჩინა.

საწყისი წარმატების მიუხედავად, „თრუს სოუშალის“ ფინანსური პარამეტრები ვერ ამართლებს კომპანიის ღირებულებას – მისი აქციები საშუალოდ 70 დოლარად ივაჭრება. სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტი ახალი ტრენდის ნიშანია – ხშირად ინვესტორები, აქციების ყიდვისას, არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებენ. სწორედ ასეთი იყო „გეიმ სტოპის“ აქციების ღირებულების დინამიკა 2021-ში, როცა რიგითმა წვრილმა ინვესტორებმა უოლ სთრითის ბანკირების „დასჯა“ გადაწყვიტეს. DJT-იც, რომლის მთავარი პროდუქტი „თრუს სოუშალია“, ამ ლოგიკით საზრდოობს – ტრამპს ერთგული მიმდევრები ჰყავს, ისინი მზად არიან, ფინანსური დანაკარგის მიუხედავად, შეიძინონ ტრამპის კომპანიის აქციები, რომ თავის კერპს „დაეხმარონ“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებთან ბრძოლაში.

თუმცა არც რაციონალური კომპონენტია გამორიცხული – ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტის მორიგი არჩევნებია დანიშნული, სადაც ტრამპს საკმაოდ კარგი შანსები აქვს. თუ ის გაიმარჯვებს, DJT-ს აქციების ღირებულება ნახტომისებურად გაიზრდება. ამიტომ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებამდე კომპანიის აქციები არ დაეცემა და ზომიერ ზრდას გააგრძელებს. რა მოხდება ნოემბრის შემდეგ არავინ იცის …