ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 25 სექტემბერი – 1 ოქტომბერი

კაპიტალის ბაზრების არასტაბილურობა: ამბავი Game Stop-ის შესახება

ჰოლივუდის ახალი ბლოკბასტერის “ჩლუნგი ფული”-ს (Dumb Money) გამოსვლა დაემთხვა ფინანსურ წრეებში მიმდინარე დისკუსიებს კაპიტალის ბაზრების არასტაბილურობის მიზეზების შესახებ.

ზოგადად, ითვლება, რომ აქციების ფასი ლიკვიდურ ბაზრებზე, ძირითადად, განპირობებულია ფუნდამენტური ეკონომიკური პარამეტრებით და კარგად ასახავს კომპანიების რეალურ საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, მიიჩნევა რომ, აქციების ფასების რყევა ძირითადად გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკაში განუზღვრელობისა და რისკების ზრდით. მაგრამ, როგორც კომპანია GameStop-ის ამბავი გვაჩვენებს, ზოგჯერ ბაზრის მონაწილეები მოქმედებენ არარაციონალურად და ამ მოქმედებებით სერიოზულ პრობლემებს უქმნიან კაპიტალის ბაზარს, რაც რეალურ ეკონომიკასაც გამოწვევების წინაშე აყენებს.

GameStop ვიდეო თამაშების მაღაზიების ქსელია. 2015 წლამდე ის სწრაფად იზრდებოდა და ათასობით მაღაზიას აერთიანებდა აშშ-სა და კანადაში. 2016 წლიდან კომპუტერული თამაშების გავრცელება ინტერნეტით დაიწყო. შედეგად, შემცირდა კლიენტების რაოდენობა Game Stop-ის მაღაზიებში, რამაც კომპანიას ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

2021 წლისთვის, კომპანიის შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო და არც მომავალი ჩანდა უკეთესი. შედეგად, ბაზარზე გაჩნდა კომპანიის აქციების ღირებულების შემცირების მოლოდინი. აღნიშნული მოლოდინის შესაბამისად, “უოლ სთრითის” დიდმა მოთამაშეებმა GameStop-ის გაუფასურებაზე დაიწყეს “ფსონების დადება”. ამავე დროს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორები კომპანიის აქციების ხელოვნური გაუფასურების შესახებ. მცირე, ინდივიდუალურმა ინვესტორებმა გამდიდრების შანსი დაინახეს და დაიწყეს აქციების მასობრივი შესყიდვა, რამაც აქციების ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და დიდი მოთამაშეების “რაციონალური” გათვლები “წყალში ჩაყარა”.

ეს ამბავი პრესაშიც მოხვდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს დავითისა და გოლიათის ბრძოლას Game Stop-ის აქციების ფასის გარშემო. საყოველთაო სიმპათია, ცხადია, დავითის მხარეს იყო – სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა მცირე ინვესტორების რიგებს და ფასი უფრო და უფრო იზრდებოდა. აღნიშნულ პროცესში “უოლ სთრითელმა” ბანკებმა და ფონდებმა, უამრავი ადამიანის გულის გასახარად, დიდი ფული დაკარგეს.

ამ ამბის გაკვეთილი შემდეგია – კაპიტალის ბაზარზე გავლენას “არარაციონალური” და ემოციური ფაქტორებიც ახდენენ. ხშირად, ფინანსურ ინფორმაციაზე და მოდელებზე დაყრდნობით გაკეთებული გათვლები აქციების ფასების დინამიკის შესახებ, არასწორ წინასწარმეტყველებას იძლევა. ამ რისკების შესამცირებლად, რეკომენდირებულია პორტფელის დივერსიფიკაცია.

აღსანიშნია, რომ თანამედროვე ბაზრებზე დივერსიფიკაცია აღარ არის მხოლოდ დიდი ინვესტორების პრივილეგია, ამის მიღწევა მცირე მოცულობის ინვესტიციითაც შეიძლება – მაგალითად, დივერსიფიცირებული პორტფელის მქონე საინვესტიციო ფონდის “ერთეულების” შეძენით.