ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 11-17მარტი

ვინაა (და ვინ არაა) სატოში ნაკამოტო?

14 მარტს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომპიუტერული მეცნიერი ავსტრალიიდან, კრეიგ ვრაითი, არ არის ბიტკოინის შემქმნელი სატოში ნაკამოტო. ამით დასრულდა ერთწლიანი დავა კრეიგ ვრაითსა და ბიტკოინის დეველოპერთა ასოციაციას (COPA) შორის.

სატოში ნაკამოტოს ვინაობა დიდი ხანია საყოველთაო ინტერესს იწვევს. ამ ფსევდონიმითაა ცნობილი ბიტკოინის შემქნელი (ან შემქმნელთა ჯგუფი), რომელიც დაახლოებით მილიონ ბიტკოინს ფლობს და  მე-15-ა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის. ბიტკოინის შექმნის მოკლე ისტორია უკვე საყოველთაოდ ცნობილია: 2008 წლის 18 აგვისტოს სატოში ნაკამოტომ დაარეგისტრირა bitcoin.org მისამართი, 31 ოქტომბერს ნაკამოტოს ფსევდონიმით გამოქვეყნდა ბიტკოინის კონცეფციის აღმწერი სტატია (white paper), 2009 წლის 19 იანვარს გაეშვა ბიტკოინის პროგრამა და გაკეთდა პირველი ტრანზაქცია.

კრეიგ ვრაითი არაა პირველი ადამიანი, რომელიც სატოში ნაკამოტობას იჩემებს ან რომელსაც სატოში ნაკამოტობას “აბრალებენ”. პირველი კანდიდატი იაპონური წარმოშობის კალიფორნიელი კომპიუტერული ინჟინერი იყო, რომელსაც მართლაც ასე ჰქვია – სატოში ნაკამოტო (მისი სრული სახელია დორიან პრენთის სატოში ნაკამოტო). მაგრამ დორიანი ყოველთვის უარყოფდა რამე კავშირს ბიტკოინთან და ჟურნალისტების მრავალმა მცდელობამ ვერც ერთი მტკიცება ვერ აღმოაჩინა. მერე ეჭვის ქვეშ ამერიკელი კრიპტოგრაფი ჰოლ ფინი მოექცა – მისი ნაწერების სტილის ანალიზის შედეგად, ფინი, ზემოთ ნახსენები ბიტკოინის white paper-ის ავტორად მონათლეს. დორიანის არ იყოს, ფინიც არ აღიარებდა კავშირს ბიტკოინის შემქმნელთან და დამატებითი დამამტკიცებელი ფაქტებიც არ გამოჩნდა.

სხვა შესაძლო კანდიდატების მხოლოდ სახელებს ჩამოვთვლით: უნგრული წარმოშობის ამერიკელი ნიკ ჟაბო, ფინელი ვილი ლეჰდონვირტა, იაპონელი შინიჩი მოჩიზუკი, ჩინელი უეი დაი და მრავალი სხვა. საკვირველია, რომ ბიტკოინის შექმნიდან 15 წელზე მეტი გავიდა და მისი შემქმნელის ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.