ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 26 ივნისი – 2 ივლისი

მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7% შეადგინა.

ხოლო, 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5%-ით განისაზღვრა.

2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • მშენებლობა
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია
  • ვაჭრობა
  • ტრანსპორტი
  • დასაწყობება
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

კლების ტენდენცია დაფიქსირდა:

  • დამამუშავებელი მრეწველობის
  • უძრავი ქონების სექტორებში

იანვარ – მაისში ბანკებმა 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, 2023 წლის იანვარ – მაისში, წმინდა მოგების სახით 1 მილიარდი ლარი დარჩათ.

ეს თანხა წინა წელთან შედარებით 47%-ით არის გაზრდილი.

️ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი 2023 წლის პირველი ხუთი თვის საქმიანობის ფინანსური ანგარიშის მიხედვით:

  • შემოსავალი – 3.4 მლრდ. ლარი
  • ხარჯები – 2.23 მლრდ. ლარი

2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.55 მლრდ ლარით, ანუ 2.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის მაისის ბოლოს 67.8 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით -$29.1 მლრდ (-74.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -110.1%-ია (გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -115.1% იყო).

წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია. წინა კვარტალთან შედარებით. $966 მილიონით-ით გაუარესდა.

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 14.8 მლრდ აშშ დოლარია (37.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 428.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

❗ მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 43.9 მლრდ აშშ დოლარი (112.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.4 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.2%-მდე შემცირდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა $201.4 მლნ (531.0 მლნ ლარი) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 67.1%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.3%-იდან -3.2%-მდე შემცირდა.

⭕საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს.

საქართველოში შემომავალი სავალუტო ნაკადების ძირითადი წყაროა:

  • ექსპორტი
  • ფულადი გზავნილები
  • ტურიზმი

ხოლო, გამავალი ნაკადების მთავარი წყაროა – იმპორტი.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 25.2%-ით გაიზარდა და $1.3 მლრდ (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 24.2%-ით, ხოლო იმპორტი 24.6%-ით გაიზარდა.

2023 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -$332.6 მლნ (-876.8 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 50.2%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9%-ით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 37%-ით გაიზარდა და 2023 წლის პირველ კვარტალში $781.5 მლნ-ს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 36.6%-ით გაიზარდა $728 მლნ.-მდე (1.9 მლრდ ლარი).

❗ წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში $383.4 მლნ (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.1%-ია.

2023 წლის I კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 პირველ კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 2%-ით გაიზარდა.

ზრდა 0.6%-ით მეტია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ბიუროს ეკონომიკის ანალიზის დეპარტამენტის განმარტებით, 2%-იანი ეკონომიკური ზრდა სამომხმარებლო ხარჯვის და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული.

სამომხმარებლო ხარჯები, პირადი მოხმარების ხარჯების კუთხით, გაიზარდა 4.2%-ით, რაც ყველაზე მაღალი კვარტალური ტემპია 2021 წლის მეორე კვარტლის შემდეგ.

ამავდროულად, ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის მეოთხე კვარტალში 3.7%-ით შემცირდა.

ივნისის თვეში, ევროზონაში ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.5% შეადგინა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

თუმცა, საბაზო ინფლაცია (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, 5.4%-მდე გაიზარდა.

საბაზისო ინფლაცია (CPI) მაისში 5.3%-ზე იყო ჩამოსული, აპრილის 5.6%-იდან, მაგრამ ივნისის თვეში კვლავ 0.1%-ით გაიზარდა.

️ ინფლაციის მაჩვენებლებს ყურადღებით დააკვირდება ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელმაც 15 ივნისს საპროცენტო განაკვეთები 22 წლის უმაღლეს დონემდე აიწია.

❗ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, საპროცენტო განაკვეთების შეხვედრის დროს, ასევე გადახედა ინფლაციის მოლოდინებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ახლა ვარაუდობენ, რომ წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%-ს მიაღწევს, 3%-ს 2024 წელს და 2.2%-ს 2025 წელს.

კრიპტობირჟა BINANCE-ს ბელგიაში და ნიდერლანდებში საქმიანობა აეკრძალა

გასულ კვირას, ბელგიაც შეუერთდა ევროპული და აშშ-ს რეგულატორების მზარდ სიას, რათა იმოქმედონ მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტო ბირჟის წინააღმდეგ.

მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ს ბელგიაში საქმიანობა აეკრძალა. საფინანსო ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, Binance-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ოპერირება და სერვისების გაწევა.

Binance-მა ცოტა ხნის წინ დატოვა ნიდერლანდები მას შემდეგ, რაც ვერ დარეგისტრირდა ჰოლანდიურ მარეგულირებელ ორგანოში.

ივნისის დასაწყისში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ უჩივლა Binance-ს და ჟაოს, ფასიანი ქაღალდების კანონის „უხეში უგულებელყოფის“ გამო, მათ შორის კლიენტების სახსრების არასწორად გამოყენებასა და ინვესტორებისა და მარეგულირებლების შეცდომაში შეყვანისთვის.

საფრანგეთის ხელისუფლება იძიებს Binance-ს ციფრული აქტივების სერვისების სავარაუდო უკანონო მიწოდებისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე.

მარტში, Binance-მა შეაჩერა საბანკო გადარიცხვებისა და ბარათით გადახდის სერვისები გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებისთვის მას შემდეგ, რაც მისმა ადგილობრივმა საბანკო პარტნიორმა შეწყვიტა ბრიტანული ფუნტით ტრანზაქციების მხარდაჭერა.

მაისში, Binance Australia-მ დაკარგა წვდომა ავსტრიული დოლარის სადეპოზიტო სერვისებზე და გააფრთხილა საბანკო გადარიცხვების გატანის შეფერხების შესახებ.

ეს კამპანია არის მცდელობა იმისა, რომ მოხდეს კრიპტო აქტივებით ვაჭრობის რეგულირება, რაც საკმაოდ რთული პროცესია კრიპტოს მახასიათებლებიდან გამომდინარე.

Binance-ის წარმომადგენლობის განცხადებით, კრიპტობირჟა ყველა საერთაშორისო რეგულაციას ზედმიწევნით იცავს და ის უპირობოდ ემორჩილება მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებს.

Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

Apple გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა.

iPhone-ის აქციები 2.3%-ით გაიზარდა პარასკევს, რამაც $983 მილიარდზე მეტი დაამატა მის ზომას წელს და დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარით გაუსწრო, შემდეგ უმსხვილეს კომპანიას (MICROSOFT (MSFT)).

Apple-ის კაპიტალიზაცია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის 11%-ის ტოლია.

რეალურად, Apple-ის საბაზრო ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს შეადგენს.

მოსალოდნელია, რომ Apple-ის აქციის ღირებულება და შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, წლებთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.

❗ შეგახსენებთ, რომ 2018 წელს Apple ასევე გახლდათ პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა.