ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 27 ნოემბერი – 3 დეკემბერი

ბაინანსის ქეისი – კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში პრობლემები გრძელდება

 

„კრიპტოვალუტის ბირჟა ბაინანსსა და მისი დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს, ბრალი ედებათ ფულის „გათეთრებაში“ და ამერიკის საფინანსო რეგულატორის წესების უგულვებელყოფაში“ – განაცხადეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა (Treasury Secretary) ჯენეტ იელენმა და გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა. რამდენიმე დღეში ბატონმა ჟაო-მ ბრალი აღიარა, 50 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და კომპანიის დირექტორობიდან გადადგა. მას ასევე 18 თვიანი პატიმრობა ემუქრება. თავის მხრივ ბაინანსი დათანხმდა 4.3 მილიარდ დოლარის ჯარიმის გადახდას.

ეს ეპიზოდი კიდევ ერთი „შავი ფურცელია“ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის უახლოეს ისტორიაში. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე კვირის წინ კრიპტოვალუტის ბირჟა FTX გაკოტრდა და მისი დამფუძნებელი სემ ბენკმან ფრიდი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს და დააკავეს. მას შემდეგ, მხოლოდ ბაინანსი რჩებოდა კროიპტოვალუტის ვაჭრობის ერთადერთ მსხვილ ლეგიტიმურ პლატფორმად, ხოლო ჩანგპენგ ჟაო ამ ინდუსტრიის ბოლო რესპექტაბელურ „სახედ“.

ბოლო წლის სკანდალების ფონზე კრიპტოვალუტის გულშემატკივრებს რთულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაწევა: შესაძლებელია კი კანონიერი ბიზნესის წარმოება ამ დარგში? რატომ არ მუშაობს დარგის თვითრეგულირების მექანიზმები? თუ დარგის სახელმწიფო რეგულირებაა საჭირო, მაშინ რით განცხვავდება კრიპტოვალუტა „ჩვეულებრივი“ საბანკო სექტორისგან? ნუთუ კრიპტოვალუტა მხოლოდ კრიმინალური ტრანზაქციების სფერო გახდება?