ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 30 ოქტომბერი – 5 ნოემბერი

კაპიტალის ბაზრების პარადოქსი – ნავთობის კომპანიების აქციები სტაბილურად იზრდება

 

„მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის აუცილებლობისა და გლობალური დათბობის კატასტროფული შედეგების შესახებ ყოველდღიური საუბრები ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. წამყვანი ქვეყნების მთავრობები რეგულარულად აცხადებენ მდგრად ენერგორესურსებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლის წამახალისებელ ღონისძიებებს – სუბსიდიებს ქარის და მზის ენერგოკომპანიებისთვის, ხოლო წიაღისეული რესურსების (ნავთობი, ქვანახშირი)  მოხმარებაზე ორიენტირებულ ბიზნესებისთვის მაღალ გადასახადებს აწესებენ.

ამ ტენდენციამ, თითქოს, კაპიტალის ბაზრებზეც უნდა იმოქმედოს: ალტერნატიული ენერგიის კომპანიების აქციების ფასები უნდა გაიზარდოს, ხოლო ნავთობკომპანიების – უნდა შემცირდეს. ბოლოს და ბოლოს კაპიტალის ბაზარი ხომ ბიზნეს მოთამაშეების კოლექტიურ „სიბრძნეს“ ასახავს.

სინამდვილე კი ძალიან განსხვავებულია. ბოლო პერიოდში თითქმის ყველა „ალტერნეტიული“ ენერგოკომპანიის აციების ფასები ეცემა – ეხება ეს ქარის, მზისა თუ გეოთერმულ ენერგეტიკას. მაგალისთვის, iShares Global Clean Energy-ს, რომელიც ფლობს „მწვანე“ ენერგეტიკის კომპანიების დივერსიფიცირებულ პორტფელს, აქციის ფასი 50%-ით შეუმცირდა 2021 წლის შემდეგ. ამავე პერიოდში The Invesco Solar-ს 60%-ით, ხოლო The First Trust Global Wind Energy-ს 40%-ით შეუმცირდათ აქციების ფასები. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

საპირისპირო ტენდენციაა ნავთობ კომპანიების აქციების ბაზარზე. 2021 წლიდან Exxon Mobil-ის აქციონერებმა თავის ინვესტიციაზე 275%-იანი მოგება ნახეს (ეს მოგება აერთიანებს აქციების ფასების ზრდას და მიღებულ დივიდენდებს). სხვა დიდი კომპანიების შედეგები არანაკლებ შთამბეჭდავია: Chevron 135%, Pioneer 260% და Hess 310%. შედარებისთვის, აქციების ბაზრის S&P-ს ინდექსი (ეს ბაზრის საშუალო ტენდენციას აჩვენებს) ამ პერიოდში მხოლოდ 32%-ით გაიზარდა.

აქ გაკვეთილი ცხადია: მიუხედავად „მწვანე“ ენერგიის პოპულარიზებისა, მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტავაში ინვესტორები ნავთობკომპანიებზე დებენ ფსონს. დასტურად ბოლო დღეების ბაზრის სიახლეები შეგვიძლია მოვიყვანოთ: Exxon Mobil, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანიაა, აპირებს ტეხასში დაფუძნებული ბუნებრივი რესურსების კომპანიის, Pioneer-ის ყიდვას 60 მილიარდ დოლარად. ასევე Chevron, ამერიკული გაზისა და ნავთობის კომპანია, ენერგორესურსების კომპანიის Hess Corporation-ის შესყიდვას გეგმავს 53 მილიარდ დოლარად. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბიანი შერწყმებია კორპორატიული ამერიკის ისტორიაში. ამ და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით და ბოლოდროინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტორები მომავალ მოგებებს სწორედ ამ დარგში ხედავენ.