ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 26 თებერვალი-3 მარტი

უორენ ბაფეტის წერილი აქციონერების მიმართ

უკვე თითქმის 60 წელია, ყოველ წელს, თებერვლის თვეში, მსოფლიოს ფინანსისტები და ინვესტორები მოუთმენლად ელოდებიან უოლ სთრითის ლეგენდარული ინვესტორის უორენ ბაფეტის ღია წერილს „ბერქშირ ჰათავეის“ აქციონერებს მიმართ. „ბერქშირი“ ბაფეტის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიაა. ამ ყოველწლიურ წერილში ხშირად იკვეთება კაპიტალის ბაზრის ტენდენციები და მოლოდინები.

წელს ეს წერილი 24 თებერვალს გამოქვეყნდა და, როგორც ყოველთვის, იქვე ინვესტორთა განხილვის ობიექტი გახდა. წერილი გარკვეულწილად პირადული აღმოჩნდა, ბაფეტმა პატივი მიაგო თავის მრავალწლიან მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს ჩარლი მანგერს, რომელის 2023-ში გარდაიცვალა. ტექსტის დიდი ნაწილი მიეძღვნა საინვესტიციო აქტივების შეფასების მეთოდოლოგიას, რომელმაც საფინანსო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბაფეტმა მკაცრად გააკრიტიკა საინვესტიციო გადაწყვეტილებებში „წმინდა მოგების“ ფაქტორის გამოყენება, უწოდა რა მას აბსოლუტურად გამოუსადეგარი ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებასაც მას საფინანსო რეგულაციები აიძულებს. მაგალითისთვის მან „ბერქშირ ჰათავეის“ ბოლო სამი წლის წმინდა მოგება მოიყვანა. 2021-ში ის პლუს 90 მიალიარდი დოლარი იყო, 2022-ში მინუს 23 მილიარდი გახდა, ხოლო 2023-ში პლუს 96 მილიარდამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში კომპანიის საოპერაციო მოგება (ბაფეტის აზრით, უფრო ადექვატური პარამეტრი) სტაბილურად იზრდებოდა 27 მილიარდიდან 37 მილიარდამდე.

საქმე ისაა, რომ, არსებული წესების მიხედვით, წმინდა მოგებაში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპანიის მფლობელობაში არსებული აქციების ფასების ზრდა ან კლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია ამ აქციებს არ ყიდის. ბაფეტი ამბობს, რომ აქციების ფასის დინამიკას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა აქციონერებისთვის, როცა „ბერქშირი“ მათ გაყიდის და, შედეგად, ან მოგებას, ან წაგებას ნახავს. ბაფეტის „სიტყვის წონა“ ისეთია, რომ შეგვიძლია დანამდვილებით ვივარაუდოთ, საინვესტიციო გადაწყვეტილებებში „წმინდა მოგების“ ფაქტორი შემცირდება და „საოპერაციო მოგებას“ უფრო დიდი ყურადღება მიიქცევა.