საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების ტენდენცია
თებერვლის დასაწყისში აშშ-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023-ში ამერიკაში მექსიკური საქონლის იმპორტმა გადააჭარბა ჩინურ იმპორტს. ასეთი რამ ბოლოს 20 წლის წინ, 2003-ში მოხდა. პირველ რიგში, ამ ფაქტს ტრამპის მიერ შემოღებულ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შენარჩუნებული სავაჭრო შეზღუდვებით ხსნიან. მაგრამ ამ მოვლენაში ეკონომისტები უფრო გრძელვადიან და ფუნდამენტურ ტენდენციებს ხედავენ.
ეს ტენდენციები ეკონომისტების ყურადღების ქვეშ პანდემიის შემდეგ მოექცა.
პირველი, თავად ჩინეთის ეკონომიკას ეხება. ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტემპები სტაბილურად იკლებს. ბუნებრივია, ქვეყანა უფრო მდიდარი გახდა და, შედეგად, ეკონომიკური ზრდის ყოველი პუნქტი უფრო ძნელი მისაღწევია. მაგრამ არის ჩინეთისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული პრობლემებიც: მოუქნელი პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ჩარევა ეკონომიკურ საქმიანობაში, იაფი მუშა ხელის ნელ-ნელა „ამოწურვა“.
მეორე, კოვიდის მიერ მოტანილი ლოგისტიკური ჯაჭვების რღვევაა. ამის მაგალითები სატრანსპორტო ხარჯებში ჩანს – ჩინეთიდან საზღვაო კონტეინერის ტრანსპორტირების ფასი გასამმაგდა. შესაბამისად, როგორც აშშ-სთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რეგიონალური ვაჭრობის წილი და მნიშვნელობა გაიზარდა.
და მესამე, გეოპოლიტიკის როლი. მსოფლიოში პოლიტიკური დაძაბულობის გამო ბევრი ბიზნეს გადაწყვეტილება პოლიტიკური „მიზანშეწონილობის“ და ზეწოლის მსხვერპლი ხდება. ბიზნესმა არა მარტო იმაზე უნდა იფიქროს, რომ საჭირო ნედლეული და კომპონენტები ხარისხიანი და იაფი იყოს, არამედ იმაზეც, რომ ეს „სწორი“ მომწოდებლისგან იყოს შეძენილი.