ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 6-12 მაისი

“ბერქშირ ჰათავეის” აქციონერთა წლიური კრება

4 მაისს აშშ-ს ქალაქ ომაჰაში (ნებრასკას შტატი) გაიმართა „ბერქშირ ჰათავეის“ (Berkshire Hathaway) აქციონერთა კრება. „ბერქშირ ჰათავეი“  განთქმული ინვესტორის უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. ყოველ წელს, მაისის დასაწყისში, სწორედ ომაჰა ხდება მსოფლიოს ფინანსური ცენტრი.

მსოფლიოს ყველა კუთხიდან ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ამ კრებას, რომ გამოიცნონ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების განვითარების ტენდენციები. ცხადია, განსაკუთრებულ ინტერესს უორენ ბაფეტის გამოსვლა იწვევს.

მისი გამოსვლა პატარა სენსაციით დაიწყო: ბაფეტმა გამოაცხადა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში „ბერკშირმა“თავისი წილი „ეფლ“-ში (Apple) 13%-ით შეამცირა, რის შემდეგადაც ამ წილის ღირებულება 135 მილიარდი დოლარი გახდა. „ბერქშირი“ „ეფლის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია და მისი გენერალური დირექტორი ტიმ კუკი რეგულარულად ესწრება „ბერქშირის“ აქციონერთა კრებებს. ბაფეტმა დამსწრეები დაამშვიდა, განაცხადა, რომ კვლავ სჯერა „ეფლის“ წარმატების, უბრალოდ გადაწყვიტა აქციების ფასის ზრდის ფონზე საინვესტიციო მოგების „დაფიქსირება“.

ბაფეტმა შეცდომაც აღიარა. „პარამაუნტის“ (Paramount) აქციების უარყოფითი დინამიკის ფონზე, „ბერქშირმა“ თავისი წილი მთლიანად გაყიდა, რამაც კომპანიას გარკვეული ზარალი მოუტანა. ამის მიუხედავად, ფინანსური წელი კარგად დასრულდა – „ბერქშირის“ საოპერაციო მოგებამ 11.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მაგრამ მთავარი კითხვა თავად ბაფეტს ეხებოდა. აქციონერებს აინტერესებდათ 93 წლის ლეგენდარული ინვესტორის ჯანმრთელობა და მისი როლი კომპანიის მართვაში. ბაფეტი შეხვედრაზე საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. „იმედი მაქვს ერთი წლის შემდეგ ყველა ისევ აქ შეიკრიბებით“, – მიმართა მან აუდიტორიას. „იმედი მაქვს მეც აქ დახვდებით“, – ირონიულად დაამთავრა სიტყვა ბაფეტმა და დარბაზის ოვაცია გამოიწვია.