ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 15-21 იანვარი

რას მიგვანიშნებს კაპიტალის ბაზრის ახალი რეკორდი

 

19 იანვარს აშშ-ს კაპიტალის ბაზრის ყველაზე გავრცელებულმა ინდექსმა S&P 500-მა 4,800 ქულას გადააჭარბა და ახალ რეკორდს მიაღწია (წინა რეკორდი ორი წლის წინ 2022 წლის 3 იანვარს დაფიქსირდა). S&P 500 ზომავს აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ქვოტირებულ 500 ყველაზე დიდი კომპანიის აქციების ფასების დინამიკას. ამ ინდექსით ფასდება არა მარტო აშშ-ის, არამედ მსოფლიოს ეკონომიკაც.

კაპიტალის ბაზრის ახალმა რეკორდმა აჩვენა, რომ ინვესტორებმა დაძლიეს საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და პოტენციური ეკონომიკური რეცესიის შიში. სწორედ ინვესტორების შიში (ზოგის შეფასებით კი პანიკა) განსაზღვრავდა საფონდო ვაჭრობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამის ნაცვლად, ინვესტორებს ახლა სჯერათ, რომ განაკვეთების ვარდნა ხელს შეუწყობს კორპორატიული მოგების ზრდას, შედეგად მსოფლიო ეკონომიკა ახლა გაცილებით მყარია, ვიდრე აქამდე ფასდებოდა.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საფონდო ბირჟის ბოლოდროინდელ წარმატებას? აქციების უფრო მაღალმა ფასებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კომპანიების შედგომ გაფართოებასა და ინვესტიციების ზრდას. მარალი ფასების დროს ინდივიდუალური ინვესტორები თავს უფრო „მდიდრად“ გრძნობენ და მეტს ხარჯავენ, ეს თავის მხრივ ბაზრის მოთხოვნას ზრდის და კომპანიებს მეტ შემოსავალს აძლევს – ასე იწყება ეკონომიკის მზარდი ციკლი.

მაგრამ რისკების დავიწყებაც არ ღირს. დადებითი ტენდენცია ორმა ფაქტორმა შეიძლება შეაფერხოს: (1) პოლიტიკური დაძაბულობა აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობას, ანგრევს ლოგისტიკურ ჯაჭვებს და ქმნის ფასების ზრდის ტენდენციას; (2) ინფლაციური მოლოდინების ფონზე ცენტრალურმა ბანკებმა შეიძლება კვლავ გაზარდონ საპროცენტო განაკვეთი და ამით შეანელონ ეკონომიკური ზრდა.