ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 8-14 აპრილი

საფონდო ბირჟის საოცრება – DJT-ს ამბის გაგრძელება

ორი კვირაც არ გასულა მას მერე, რაც დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის „თრუს სოშალ“-ის აქციების (ივაჭრება სახელით DJT) პირველადი განთავსების საოცარი წარმატების შესახებ მოგიყევით. იმ დღეებში DJT-ს აქციის ფასმა 70 დოლარს მიაღწია. შესაბამისად, „თრუს სოშალის“ საერთო ღირებულებამ 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც საოცრება იყო კომპანიისთვის, რომლის წლიური შემოსავალი მხოლოდ 4 მილიონი დოლარია.

“თრუს სოშალის“ წარმატებას, ცხადია, მისი მთავარი აქციონერი და მომხმარებელი დონალდ ტრამპი განაპირობებს. წელს შემოდგომაზე აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებია დანიშნული, სადაც ტრამპს გამარჯვების მაღალი შანსი აქვს. სწორედ მისი პოლიტიკური მიმდევრები არიან DJT-ს აქციების მყიდველები, რომლებსაც „ირაციონალური“, არაფინანსური მოტივები აქვთ.

მაგრამ ტრამპის ქაოტურმა ქცევამ ბირჟის დინამიკაზეც იმოქმედა. DJT-ს წარმატებას მის დამფუძნებლებს შორის საჯარო დავები მოჰყვა. ჯერ იყო და ტრამპმა კომპანიის ორი დამფუძნებელი უეს მოსი და ენდი ლიტინსკი მისთვის ფინანსური ზიანის მოყენებაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. ამას მოსის და ლიტინსკის საპასუხო სასამართლო დავა მოჰყვა, მათ ტრამპი DJT-ს მათი წილის ჩამორთმევის მცდელობაში დაადანაშაულეს.

შემდეგ, ვინმე პატრიკ ორლანდომ, რომელიც DJT-ს პირველი ინვესტორის Digital World Aquisition-ის დირექტორია, კომპანია DJT ფინანსური კონტროლის მოპოვების უკანონო მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა. ამავე დღეებში ძმებმა მაიკლ და ჯერალდ შვარცმანებმა DJT-ს წილების ინსაიდერული უკანონო ვაჭრობა აღიარეს, რაც აქციების პირველად განთავსებამდე მოხდა.

ამ სკანდალებმა ტრამპის ყველაზე ერთგული მიმდევრების რწმენაც კი შიარყია. მათ DJT-ს აქციების გაყიდვა დაიწყეს, რამაც დღევანდელ უარყოფით დინამიკამდე მიგვიყვანა. DJT-ს აქციის ღირებულება თითქმის განახევრდა, რამაც კომპანიის კაპიტალიზაცია 4.5 მილიარდი დოლარით შეამცირა. როგორც ყოველთვის, ტრამპის ქაოტურ ორბიტაში მოხვედრილ ინვესტორებს განუსღვრელი მომავალი ელოდებათ.