ყოველკვირეული სიახლეები

ყოველკვირეული დაიჯესტი: 8-14 იანვარი

პოლიტიკური ტენდენციები, რომლებიც განსაზღვრავენ 2024 წელს

 

2024 წელი პოლიტიკურად დაძაბული იქნება. გარდა იმისა, რომ გრძელდება ორი მაშტაბური სამხედრო კონფლიქტი – რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-პალესტინის ომები, ასევე ეს „არჩევნების წელი“ იქნება. მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც უმაღლესი ხელისუფლების არჩევნებია დაგეგმილი 2024-ში.

ამ ქვეყნებს შორის საქართველოცაა, სადაც ოქტომბერში შედგება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. სხვა არჩევნები, რომლებმაც შეიძლება ჩვენზე უშუალო გავლენა მოახდინოს, არის აშშ-ს საპრეზიდენტო და ევროკავშირშის ევროპარლამენტის არჩევნები. არჩევნები ასევე დაგეგმილია ჩვენს მეზობლებთან: მოლდოვაში, უკრაინაში (თუმცა მოსალოდნელია, რომ რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყანა ამ არჩევნებს გადადებს), რუსეთსა და აზერბაიჯანში.

რუსეთის „საპრეზიდენდო არჩევნებს“, ცხადია, ნამდვილ არჩევნებად არავინ განიხილავს. შედეგი უკვე ცნობილია: ვლადიმერ პუტინი თავის პოსტს შეინარჩუნებს. როგორც ამბობენ ხმების პროცენტული განაწილებაც კი უკვე „დამტკიცებულია“ კრემლის მიერ. ამის მიუხედავად, მოსალოდნელია რუსეთში სიტუაციის დაძაბვა. შედეგად, უნდა ველოდოთ მეტ სავაჭრო ბარიერებს და ადამიანების მიმოსვლის შეზღუდვებს რუსეთის მხრიდან. დიდი ალბათობით რუბლი განაგრძობს გაუფასურებას.

ევროპარლამენტის არჩევნები შედარებით წყნარად ჩაივლის. თუმცა მოსალოდნელია მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლობის ზრდა, რაც არ არის კარგი საქართველოსთვის, რადგან გაძლიერდება „იზოლაციონისტური“ ფრთა და საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია მეტ წინააღმდეგობას წააწყდება.

„იზოლაციონიზმის“ რადიკალური გამოხატულება იქნება აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვება. ამას შეიძლება ჯერ კიდევ გაუცნობიერებული შედეგები მოჰყვეს. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს შორის ასახელებენ ნატოს როლისა და დოლარის, როგორც საერთაშორისო ვალუტის, შესუსტებას. კიდევ უფრო „ბნელი“ პერსპექტივა არის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უარყოფა რომელიმე მხარის მიერ და ამით გამოწვეული არეულობები აშშ-ში. თუმცა ისმის ოპტიმისტური მოსაზრებებიც, რომ ამერიკის ინსტიტუტები ძლიერია და ნებისმიერ გამოწვევებს გაუძლებს.

საკვირველია, მაგრამ თავად საქართველოს არჩევნები ცოტას თუ შეცვლის ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში. აქ არ ვიწინასწარმეტყველებთ რომელიმე მხარის გამარჯვებას, უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად განისაზღვრება საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებით და არ იცვლება ერთი პოლიტიკური ძალის მეორეთი შეცვლის შემდეგ.