ბლოგი, კომპანიის სიახლეებიი

ცხოვრება კომფორტის ზონის მიღმა – ანუ შესაძლებლობის ახალი სამყარო

რამდენჯერ გვიფიქრია, რომ დიდი და პატარა, ცივი და ცხელი, მომგებიანი და წამგებიანი ერთი-მეორეს საწინააღმდეგო ორი რადიკალური წერტილია? თუმცა, პოლარული სიშორის მიუხედავად, ყოველ ასეთ წყვილს აქვს შესაძლებლობა, ერთი-მეორეში გარდაიქმნას. ამაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მიზანმიმართული მოქმედება. ეს უნარი კი ადამიანებს გაგვაჩნია. უსულო საგნებისგან განსხვავებით, რომლებიც გარემოებების ტყვეები არიან, ჩვენ ადამიანებს შეგვწევს ძალა ჩვენი მიზანმიმართული ქმედებით გავლენა ვიქონიოთ, როგორც გარემოზე, ასევე ჩვენსავე თავზე და შესაბამისად ჩვენს ცხოვრებაზე. ზოგჯერ, მცირე ცვლილებებიც კი საკმარისია, რომ ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოვახდინოთ.

 

უნდა იფრთხილო, რომ ზედმეტად ფრთხილი არ გახდე.” – ამერიკელი მწერალი და პროდიუსერი ბერილ ფაიზერი.

 

უმოქმედობის უდიდესი მიზეზი არის სიფრთხილე, რომელიც  ხშირად ხელს გვიშლის ხვალინდელი გეგმები გადავაქციოთ დღევანდელ ქმედებებად. ანუ, დღეს გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ხვალ გაგვიმარტივებს ცხოვრებას. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ყოყმანის კონკრეტული მიზეზი არის, არა საჭირო და უვნებელი სიფრთხილის შეგრძნება, არამედ მისი მეორე მხარე – გადამეტებული სიფრთხილე. ის ხელს გვიშლის გამოვიღვიძოთ უმოქმედობის ძილიდან, სწორად შევაფასოთ არსებული საფრთხეები, შევამჩნიოთ ახალი შესაძლებლობები და დავიწყოთ მოქმედება ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.

ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, სადაც ჩვენს თავებს დაბრკოლებებს ვუწესებთ ზედმეტი სიფრთხილის გამო, არის პირადი ფინანსების სფერო. ასეთი დაბრკოლებები არ გვაძლევს საშუალებას უკეთ წარვმართოთ საკუთარი ფინანსები, რადგან მათი გადაბიჯება წარუმატებლობის შიშთან ასოცირდება. ეს შიში საბოლოოდ იწვევს შფოთვას. ასე რომ, გადამეტებული სიფრთხილე ხელს უწყობს შფოთვის განვითარებას და არ გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ ჩვენი საკუთარი თავი და მომავალი.

ძალიან ხშირად ადამიანები არ იყენებენ მათ წინაშე არსებულ საინვესტიციო/ფინანსურ შესაძლებლობებს. ამის საფუძველი ხშირად გადამეტებული სიფრთხილეა. ეს შეგრძნება შეიძლება გავრცელდეს ყველანაირი შესაძლებლობის წინაშე დამდგან ადამიანზე; შესაძლებლობების, რომელიც გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას, თუნდაც დამატებითი შემოსავლის მიღების გზით.

ყველა ვიცნობთ ადამიანს, რომელიც აღმოჩენილა ცხოვრების გასაყარზე. განვიხილოთ ერთი ასეთი შემთხვევა, ერთ ჩვეულებრივ კაცზე. რამდენიმე წლის წინ, მის წინაშე იდგა ორი არჩევანი: პირველი, გაეგრძელებინა მუშაობა თავის არსებულ პოზიციაზე, მაგრამ არც თუ ისე მომგებიანი წინსვლის პოტენციალით; მეორე, დაეწყო ახალ, ბევრად მარდად მზარდ კომპანიაში უფრო დაბალი დონის პოზიციიდან, თუმცა ჰქონოდა უფრო დიდი წარმატების მიღწევის საშუალება. მისივე თქმით, სამწუხარო არჩევანი გააკეთა მაშინ, როდესაც კომფორტის ზონიდან ვერ მოახერხა გამოსვლა. მან ვერ მიაღწია თავისი სურვილების პიკს და წააგო იმაზე მეტი, ვიდრე ის ოდესმე მოიგებდა საკუთარი სამსახურის ფარგლებში. იგი აღიარებს, რომ ხელიდან გაუშვა ის იშვიათი შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა ადამიანებს.

ზედმეტი თავშეკავება გვიცავს შეცდომების დაშვებისა და საფრთხისაგან. თუმცა, ის ასევე გვატყვევებს უმოქმედობისგან გამოწვეულ კომფორტის ზონაში. ეს კი ხელს უშლის ჩვენს წინსვლას, წარმატებას და მომგებიანი აზროვნების განვითარებას.

რა არის კომფორტის ზონა? ფსიქოლოგიური განმარტებით კომფორტის ზონა არის “ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან მისთვის ყველაფერი ნაცნობია და ის საკუთარ გარემოში არის მშვიდად, არის მის სრულ კონტროლში და ამავდროულად, განიცდის დაბალი დონის შფოთვასა და სტრესს.” კომფორტის ზონა, სახელის მიუხედავად, არ წარმოადგენს დადებით ყოფას. ხშირად გვინდა, რომ ის ყოველთვის სასიამოვნო იყოს. თუმცა, დღედაღამ ერთი და იმავეს ყურება იწვევს კატატონიურ, უძრავ ცხოვრებას. ცხოვრებას, რომელშიც უფრო და უფრო ღრმად ვეფლობით და ტკბილად ვკალათდებით. ამის საფუძველზე, მარტივად ვხუჭავთ თვალებს მაშინაც კი, როდესაც ჩვენს გარშემო ათასი შესაძლებლობა იჩენს თავს. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ გავურბივართ როგორც პრობლემებს, ასევე ხელიდან ვუშვებთ მომგებიან პერსპექტივებს. ეს ვითარება, დამეთანხმებით, წამგებიანია. სანაცვლოდ, უნდა გვინდოდეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი შესაძლებლობების დანახვა.

ორი უმნიშვნელოვანესი კითხვა, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოსვლაზეა საუბარი, ხშირად შემდეგნაირად ჟღერს: რატომ უნდა გამოვიდე კომფორტის ზონიდან, და თუ ამის გაკეთება მსურს, როგორ უნდა მოვახერხო ეს? პირველ კითხვაზე პასუხი საკმაოდ სიღრმისეული შეიძლება იყოს. თვითგანვითარება მოიაზრებს ცხოვრების არა კომფორტის ზონიდან ცქერას, არამედ სიახლეების აღმოჩენასა და მათთან გამკლავებას. ამისთვის საჭიროა მოქმედება; ფეხზე ადგომა, ქუდის დახურვა და კომფორტის ზონიდან გაბიჯება. არსებობს ხუთი მიზეზი, რის გამოც უნდა ავმოქმედდეთ და არ გამოვტოვოთ ჩვენ წინ არსებული შესაძლებლობები.

პირველი – თქვენი „რეალური ცხოვრება“ არის თქვენი მთელი ცხოვრების გამოცდილებების კრებული და არა მხოლოდ იმ გამოცდილებებისა, რომელთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ყოველი ახალი გამოცდილება აყალიბებს ახალ ჩვევას, რომელიც, დიდი ალბათობით, ცხოვრების განმავლობაში დაგვეხმარება ახალი პრობლემების გადაჭრაში.

მეორე – არაკომფორტული ქმედებები ხსნის თქვენს “დაფარული ცოდნისა და რესურსების ულევ პირად საბადოს“. გამოწვევები, ერთი მხრივ, გვასწავლის და მეორე მხრივ, აფართოებს ჩვენი შესაძლებლობების ლიმიტებს.

მესამე – რისკების აღება პიროვნული ზრდის გამოცდილებაა, შედეგის მიუხედავად. წარუმატებლობა არის „სწავლის პირველი მცდელობა“.

მეოთხე – უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ნაკლებზე დათანხმება ნიშნავს დიდი მსხვერპლის გაღებას; მსხვერპლის, რომელიც უზომოდ დიდია და წამგებიანი. ასეთი მსხვერპლი შეიძლება იყოს ახალი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება, არსებული პრობლემების მოუგვარებლობა და რაც მთავარია, საკუთარი ცხოვრების უმაღლეს შესაძლო ხარისხზე ვერ აყვანა.

მეხუთე – კომფორტის ზონის მიღმა გადადგმული ნაბიჯები დაგეხმარებათ თვალსაწიერის გაღრმავებაში, რითაც გააფართოებთ თქვენს კომფორტის ზონას!

რაც შეეხება მეორე კითხვას: როგორ უნდა მოვახერხოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა? პასუხი არის “მოქმედება”. ჩვენ უნდა მოვახერხოთ პირველი ნაბიჯის გადადგმა. ეს დაეხმარება ჩვენს თანდათანობით გადასვლას ნაცნობიდან უცნობში; უცნობში, რომელიც ახალი შესაძლებლობებითაა აღსავსე.
ყველაფრის საწინდარი არის გადამეტებული სიფრთხილის დაძლევა. ეს აფართოებს თვალსაწიერს. მისი გაფართოება უკეთ გვაჩვენებს ჩვენს გარშემო არსებულ შესაძლებლობებს. მათი დანახვა გვაძლევს მომავლისკენ მიზანმიმართული მოძრაობის შესაძლებლობას. ასეთი ქმედითი ნაბიჯი კი, აქარწყლებს მომავლის შიშს, ანუ შფოთვას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქმედებები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ნათელ მომავალთან; თუ დავძლევთ გადამეტებული სიფრთხილის შეგრძნებას – გავიფართოებთ ნათელი მომავლისკენ მიმავალ შესაძლებლობებით სავსე გზას.

მოკლედ, რომ ვთქვათ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მომავლის დაგეგმვა არის გრძელვადიანი წარმატების გასაღები. “თვალები გაახილე!” – არაერთხელ გვსმენია ადამიანებისგან. ერთი შეხედვით, ეს უსიამოვნო ფრაზა, სინამდვილეში მეტს აღნიშნავს. იგი არ არის უარყოფითი. პირიქით, ის მოგვიწოდებს გამოღვიძებისკენ. როდესაც ადამიანი ოთახში ზიხარ თვალდახუჭული, შენ მიღმა გაუჩერებლად მიედინება შესაძლებლობათა მდინარე. საკმარისია თვალის გახელა, რათა ჩაჰკიდო ერთ-ერთს ხელი და გაჰყვე წარმატების დინებას. ეს შესაძლებლობა ამ მომენტიდან შენია. შენი ქმედება შენი წარმატებაა. ხელიდან არ უნდა გაუშვა ის, რაც შეიძლება შენი მომავლის უდიდეს მოგებად იქცეს. ასე რომ, ვიმოქმედოთ, გავახილოთ თვალები და გავიშვიროთ მომავლისკენ ხელი. რა ვიცით, იქნებ რა დავიჭიროთ?!