ფინანსური განათლება

ფინანსური განათლების განყოფილება გთავაზობთ რესურსებს და ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი პირადი ფინანსების მართვის და ინვესტიციების შესახებ იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს დასახულ ფინანსურ მიზნებს.

დაზოგვა

დაზოგვა ამა თუ იმ მიზნით ფულის სამომავლოდ შეგროვებაა. დაზოგვის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს: სწავლისთვის თანხის შეგროვება, სახლის ან ავტომობილის შეძენა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მომზადება და სხვა. 

დანაზოგის შესაქმნელად სხვადასხვა გზა არსებობს. მაგალითად, ამ მიზნით შესაძლოა საბანკო დეპოზიტი გახსნათ ან თანხა, უბრალოდ, სახლში შეაგროვოთ. თუმცა, დაზოგვის გზის არჩევისას გასათვალისწინებელია, რამდენად  უსაფრთხოდაა ის შენახული და რა სარგებელი და რისკები უკავშირდება დაზოგვის ამა თუ იმ მეთოდით სარგებლობას.  

ამ ბლოკში გაგაცნობთ ძირითად შეკითხვებს, რომლებიც უნდა დასვათ დანაზოგებთან დაკავშირებით და რომელზე მიღებული პასუხებიც დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ, თუ სად და რა პირობებით იქნებოდა თანხის შეგროვება თქვენთვის უფრო ეფექტური დასახული მიზნების მისაღწევად. 

ამას გარდა, მოგაწვდით ინფორმაციას დაზოგვის მიზნების სწორად განსაზღვრისა და, საერთოდ, ფინანსური მიზნების არსებობის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე.

დაზოგვის შესახებ

დაზოგვა სხვადასხვა, მათ შორის, ფინანსური რესურსის გარკვეული ნაწილის სამომავლოდ გადადებას ნიშნავს. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ყველაფერი, რასაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის მოიხმართ: მაგალითად, ენერგო, წყლის თუ სხვა რესურსები, ასევე, რა თქმა უნდა - ფული. ფულის დაზოგვა ნიშნავს, რომ თქვენს შემოსავლებს სრულად კი არ ხარჯავთ, არამედ მის გარკვეულ ნაწილს სამომავლო საჭიროებებისთვის ინახავთ. დაზოგილი თანხა კი მრავალი მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენოთ, იქნება ეს სასურველი ნივთის შეძენა, დასვენება, სწავლა თუ აგარაკის აშენება. დანაზოგის გასაკეთებლად დღეისათვის მრავალი ალტერნატივა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ თანხა სახლში შეინახოთ ან ფინანსურ ორგანიზაციას მიმართოთ და თანხის შენახვასთან ერთად მასზე დამატებითი სარგებელიც მიიღოთ. დაზოგვის პროცესში მნიშვნელოვანია, სწორად გააანალიზოთ მიზნები და ისე აირჩიოთ დაზოგვის თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდი.  

ფულის დაზოგვის პროცესი შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს, თუ თანხებს სპონტანურად, ახალ-ახალი სურვილებისა თუ საჭიროებების შესაბამისად ხარჯავთ. ახალი ნივთების შეძენის, გართობის თუ ხარჯებთან დაკავშირებული სხვა სურვილები ყოველდღიურად თავისუფალი თანხის ბოლომდე ათვისებისკენ გიბიძგებთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაზოგვას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი სურვილების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება მოგიწევთ და ამის მიხედვით უნდა აირჩიოთ - რომელ სურვილს აისრულებთ ახლავე და რომელს გადადებთ სამომავლოდ. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ თქვათ უარი თავისუფალ ხარჯვაზე თუ ამის შესაძლებლობა არსებობს? ან რატომ უნდა დაიწყოთ დაზოგვა თუ ის თქვენგან დისციპლინის და დამატებითი ძალისხმევის გამოჩენას მოითხოვს? ამ კითხვებზე პასუხები, თავის მხრივ, იმ სარგებელზე მიანიშნებს, რაც დაზოგვით მიიღწევა.

როგორ უნდა მოემზადოთ დაზოგვისთვის

სხვა ადამიანების მსგავსად, სავარაუდოდ, თქვენც ხშირად ფიქრობთ იმ სურვილებზე, რომლებსაც აისრულებდით საკმარისი ფულადი რესურსების არსებობის პირობებში. თუმცა, ბევრი რამ, რისი შეძენა თუ განხორციელებაც გსურთ, შესაძლოა ხელმისაწვდომი არ იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ გაზრდილი ყოველდღიური ხარჯები ამის საშუალებას არ გაძლევთ. შეიძლება იფიქროთ, რომ თუ უფრო მეტი ფული გექნებოდათ, ალტერნატივების წინაშე არ დადგებით და ყველა სურვილს აისრულებთ. თუმცა უსასრულო რესურსები არ არსებობს. შესაბამისად, მეტ ფულზე ოცნებასთან შედარებით რეალურია არსებული შემოსავლების ჭკვიანურ განკარგვაზე ზრუნვა. დანაზოგი საუკეთესო გზაა დასახული მიზნების მისაღწევად. თუმცა, როგორ უნდა დაზოგოთ ან როგორ იწყება დაზოგვისთვის მზადება, ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ და დაზოგვის პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვეთ.

სანამ მიზნის მისაღწევად ფულის დაზოგვას დაიწყებდეთ, სასურველია, მიმდინარე პერიოდში თქვენი ფინანსები გააანალიზოთ. ამისათვის კი საჭიროა შეადგინოთ პირადი ბიუჯეტი და დეტალურად შეისწავლოთ მისი კომპონენტები. პირადი ბიუჯეტის შედგენა დაგანახებთ, თქვენი შემოსავლების რა ნაწილი მიდის  ხარჯების დაფინანსებაზე. ასევე, მოგცემთ საშუალებას, კონკრეტულად დააკვირდეთ თქვენი ხარჯების სტრუქტურას და, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად განსაზღვროთ ხარჯის ისეთი ნაწილი, რომლის შეცვლაც შეგიძლიათ.