ფინანსური განათლება

ფინანსური განათლების განყოფილება გთავაზობთ რესურსებს და ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი პირადი ფინანსების მართვის და ინვესტიციების შესახებ იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს დასახულ ფინანსურ მიზნებს.

დაზოგვის მეთოდები

თუ თქვენ გადაწყვიტეთ კონკრეტული მიზნობრიობით თანხის შეგროვება, ან უბრალოდ გადაუდებელი საჭიროებების ფონდის შექმნა საკუთარი ბიუჯეტიდან, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი დანაზოგი უსაფრთხოდ შეინახოთ. დაზოგვისთვის სხვადასხვა მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე საჭიროა, გააანალიზოთ ამ მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეები, შეაფასოთ ისინი თქვენი მიზნებისა და ბიუჯეტის სტრუქტურის ჭრილში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

არჩევანის გაკეთება დაზოგვის მეთოდების 2 მსხვილ ჯგუფს შორის მოგიხდებათ: დაზოგოთ ფორმალურად თუ დაზოგვის არაფორმალურ მეთოდებს მიმართოთ. ფორმალურ მეთოდებში მოიაზრება ფინანსურ ორგანიზაციებში ნებისმიერი სახით თანხის განთავსება. ამასთან, დაზოგვის ფორმალურ მეთოდებს ძირითადად ახასიათებს დაზოგვის ან თანხის განთავსების შესახებ ფორმალური დოკუმენტების გაფორმება. რაც შეეხება დაზოგვის არაფორმალურ მეთოდებს, აქ ვინმესთვის ფულის მიბარება ან თუნდაც, სახლში შენახვა იგულისხმება. მეთოდის არჩევამდე მნიშვნელოვანია კარგად შეისწავლოთ მისი თავისებურებები.

დაზოგვის არაფორმალური მეთოდები

არაფორმალური დაზოგვის ყველაზე გავრცელებულ სახეს თანხის სახლში შენახვა წარმოადგენს. ფულის შენახვის ამ მეთოდს შეიძლება იმიტომ მიმართოთ, რომ არ გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ფორმალური დაზოგვის გზებზე, მაგალითად საბანკო დეპოზიტზე ან თუნდაც იმიტომ, რომ დეპოზიტზე მისაღები სარგებელი მცირე მოგეჩვენოთ. ხშირად თანხის სახლში ან მეგობართან შენახვის გადაწყვეტილება იმიტომაც შეიძლება მიიღოთ, რომ უფრო კომფორტული მოგეჩვენოთ თქვენი ბიუჯეტიდან პერიოდულად გამოთავისუფლებული თანხის შეგროვება წინაწარ დაგეგმვის გარეშე. სახლში ფულის დაგროვების პლიუსად შეიძლება თანხის ხელმისაწვდომობაც კი დაასახელოთ, თუმცა თუ დაზოგვის ჩვევის გამომუშავება გინდათ, დაზოგილი თანხის ხელმისაწვდომობა თავადვე უნდა შეზღუდოთ.

რამდენად მოსახერხებლადაც არ უნდა ჩანდეს დანაზოგების სახლში შენახვის პერსპექტივა, აუცილებელია გაითვალისწინოთ ის რისკები, რაც მას ახლავს თან:

ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება

ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება, ანუ ინფლაცია, თანხის სახლში შენახვის შემთხვევაში თქვენს დანაზოგზე მეტ გავლენას მოახდენს, რადგანაც სახლში შენახულ თანხაზე სარგებლის დარიცხვა არ ხდება - დროსთან ერთად კი ფულის ღირებულება იცვლება. ასე მაგალითად, თუ თანხას სახლში ინახავთ, დღეს შენახული 100 ლარი ერთი წლის შემდეგაც მხოლოდ 100 ლარი იქნება, იმავდროულად, ფულის მსყიდველობითი უნარის დროში ცვლილების გამო, რისი ყიდვაც დღეს შეგიძლიათ, მის ყიდვას 1 წლის შემდეგ უკვე ვეღარ შეძლებთ. თუ ფულის დაზოგვისთვის საფინანსო დაწესებულებას მიმართავთ, სადაც ფულის დეპოზიტზე განთავსებას ან რომელიმე ფასიან ქაღალდს შემოგთავაზებენ, შეძლებთ დაზოგილ თანხაზე დამატებით სარგებელიც მიიღოთ. რითიც მეტ-ნაკლებად დააბალანსებთ ფულის ინფლაციასთან დაკავშირებულ რისკებს.

სახლში ნაღდი ფულის შენახვის რისკი

სახლში ბანკნოტების სახით შენახული თანხა უფრო მარტივად შეიძლება დაზიანდეს ან დაიკარგოს, ფინანსურ ორგანიზაციაში კი ამის რისკი ფაქტობრივად არ არსებობს. ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა არასასიამოვნო სიტუაციაში სახლში შენახული დანაზოგის ფიზიკურად განადგურების ალბათობაც საკმაოდ მაღალია.

დანაზოგის არამიზნობრივი დახარჯვის ალბათობა

როდესაც ფულს სახლში ინახავთ, მისი არამიზნობრივი/დაუგეგმავი დახარჯვის ალბათობა მაღალია. მაგალითად, შეიძლება დაგჭირდეთ თანხა გარკვეული ხარჯის დასაფინანსებლად, რომელიც არ გაგითვალისწინებიათ მიმდინარე თვის ბიუჯეტში. თუ დანაზოგი სახლში გექნებათ, დიდია ცდუნება დახარჯოთ დანაზოგის თანხა და არ დაელოდოთ შემოსავლის მიღებას. ასევე, მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა, რომლებმაც იციან რომ ფულს სახლში ინახავთ, შესაძლოა თანხის სესხება გთხოვონ, თქვენ კი საპასუხო გადაწყვეტილება, შესაძლოა, უფრო მარტივად და რისკების არასათანადო შეფასების საფუძველზე მიიღოთ, ვიდრე მაშინ, თუ ამ თანხის გამოტანა ფინანსური ორგანიზაციიდან დამატებით ძალისხმევასთან იქნებოდა დაკავშირებული.

დაზოგვის ფორმალური მეთოდები

დანაზოგის ეფექტური მართვისა და დაბანდებისთვის გაცილებით მეტი უპირატესობები აქვს დაზოგვის ფორმალურ მეთოდებს. დღესდღეობით თანხის შენახვა და დანაზოგის განთავსება  შეგიძლიათ კომერციულ ბანკებში, საინვესტიციო ფონდებში ან სხვა ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტებში.

დღესდღეობით არსებობს დანაზოგის განთავსების უამრავი ფორმალური შესაძლებლობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება რისკიანობით, ამონაგების/სარგებლის პროფილით, განთავსების ვადითა და სხვა მახასიათებლით.

თქვენ საჭიროებებსა და ფინანსურ მიზნებზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შესარჩევად, რეკომენდებულია ფინანსურ მრჩეველთან გასაუბრება.