ფინანსური განათლება

ფინანსური განათლების განყოფილება გთავაზობთ რესურსებს და ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი პირადი ფინანსების მართვის და ინვესტიციების შესახებ იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს დასახულ ფინანსურ მიზნებს.

როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?

როდის არის გამართლებული სესხის აღება?

სასესხო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ შეიძლება ისეთი მოცულობის ვალდებულებების აღებისკენ გიბიძგოთ, რომლის გადახდა თქვენი მიმდინარე შემოსავლით გაგიჭირდებათ. გარდა ჭარბი ვალისა, სესხის მომსახურება შეიძლება გაგირთულოთ სესხის აღების დროს არასწორად გათვლილმა რისკებმა, ან სესხის გადახდის პერიოდში წარმოქმნილმა პრობლემებმა (მაგალითად, მკვეთრად შემცირებული შემოსავალი).

იმისათვის, რომ ფინანსურად რთულ სიტუაციაშიც შეძლოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, მნიშვნელოვანია, სწორად მართოთ აღებული სესხები.

აღებული სესხები შეიძლება გაიყოს ორ პირობით კატეგორიად: სესხები, რომელთა გამოყენებით ქმნით დამატებით ღირებულებას. მაგალითად, ყიდულობთ სახლს, აგარაკს, მიწას, მანქანას, აფინანსებთ სწავლას. მეორე კატეგორიაში შეგიძლია გააერთიანოთ ის სესხები, რომლის გამოყენებითაც არ იქმნება დამატებითი სარგებელი. მაგალითად, ყოველდღიური ხარჯების ან მოგზაურობის დასაფინანსებლად აღებული სესხი. 

იმ სესხით სარგებლობა, რომლის შედეგადაც იქმნება დამატებითი კაპიტალი, გამართლებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა. თუმცა, სწორად გათვლილი სხვა კატეგორიის სესხის აღებაც შეიძლება გონივრული გადაწყვეტილება იყოს. 

მაგალითად, გამართლებულია სესხად აღებული თანხა, თუ ხელოვნების დარგში მოღვაწეობთ  და კვალიფიკაციის ამაღლებას გადაწყვეტთ. ხოლო თუ თქვენ სესხს სხვა მიმართულებით, მაგალითად, ბუღალტერიის შესასწავლად აიღებთ, რაც არ უკავშირდება ხელოვნების დარგს და არც სამომავლოდ დაგეგმილ საქმიანობას, ამ დროს თუნდაც სწავლისთვის აღებული სესხიც არაეფექტიანი და გაუმართლებელი გახდება.  შეიძლება გამართლებული სესხი ისეთ ვალდებულებასაც ვუწოდოთ, რომელიც დამატებით ღირებულებას არ ქმნის, თუმცა თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასაც არ იწვევს. მაგალითად, თუ თქვენ სესხს აიღებთ ახალი მოდელის ავტომობილის შესაძენად, თუმცა პარალელურად ისევ ახერხებთ დაზოგვას, შემოსავალი კი ცხოვრების დონის შესანარჩუნებლადაც გყოფნით, ასეთი სესხიც გამართლებულია. მარტივად რომ ვთქვათ, სესხი, რომლის საბოლოო შედეგი გაანალიზებული გაქვთ და იცით, რომ ცხოვრების ხარისხს მომავალში ან მიმდინარე პერიოდში არ გაგიუარესებთ და შეიძლება გაგიუმჯობესოთ კიდეც, გამართლებული სესხია. მთავარია, სესხის აღებამდე სწორად გააანალიზოთ ყველა რისკი და შესაძლებლობა რაც სესხებას უკავშირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. 

როგორ უნდა მართოთ ვალდებულებები?

გააზრებული ქმედებებით შეგიძლიათ აღებული ვალდებულება სწორად მართოთ. სესხის სწორად მართვა საჭიროა იმის მიუხედავად, გიჭირთ თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიყოლა. 

გათვალეთ, რამდენად შეგიძლიათ სესხის მომსახურება

როდესაც სესხს იღებთ, სესხის გამცემი ორგანიზაციები ამოწმებენ თქვენს გადახდისუნარიანობას. ანუ, ისინი აანალიზებენ, შესაძლებელია თუ არა თქვენზე სესხის გაცემა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თუმცა, ამ გათვლას ისინი ძირითადად სესხის გამცემი ორგანიზაციის რისკების ჭრილში აკეთებენ. იმისათვის, რომ თქვენც იცოდეთ, ფინანსურად რა ვალდებულების დამატებას შეძლებთ, სასურველია თავადაც შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ამის საუკეთესო საშუალება პირადი და ოჯახის ბიუჯეტის გადახედვა და გაანალიზებაა.

დაგეგმეთ ბიუჯეტი

როდესაც სესხის აღებაზე ფიქრობთ, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ პერიოდულად მოგიწევთ ამ სესხის დასაფარად თანხის გადახდა. იმისთვის, რომ სესხის გადახდა თქვენთვის ზედმეტ ფინანსურ ტვირთად არ იქცეს, მნიშვნელოვანია, სესხის აღებამდე განსაზღვროთ, შეძლებთ თუ არა თქვენს ბიუჯეტში გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯი. მნიშვნელოვანია, დაიანგარიშოთ ყველა მუდმივი შემოსავალი, შეადაროთ მას ხარჯები და ის თანხა, რასაც ზოგავთ ყოველთვიურად. მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელეთ, გრჩებათ თუ არა თავისუფალი სახსრები, რომლითაც დაფარავთ ყოველთვიურ შენატანს და საბოლოო ჯამში შეძლებთ თუ არა სესხის სრულად გადახდას. თუ სესხის აღება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, გსურთ ავტომობილის შეძენა, რომელიც აუცილებელია სამსახურში დროულად მისასვლელად, შეგიძლიათ შეცვალოთ ხარჯები და გამოათავისუფლოთ თანხა სესხის გადასახდელად. საჭიროა პრიორიტეტი მიანიჭოთ თქვენს ხარჯებს: რისი დათმობა შეგიძლიათ და ჰყოფნის თუ არა გამოთავისუფლებული თანხა სესხის მომსახურებას. საკუთარი ბიუჯეტის ასეთი ანალიზი დაგეხმარებათ სწორად დაინახოთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების პირობებში შეძლებთ თუ არა სასესხო ვალდებულების ფინანსური სირთულეების გარეშე მომსახურებას.  

დაზოგეთ მცირედი თანხა მაინც

მნიშვნელოვანია, სესხის შენატანისა თუ სხვა მიმდინარე ხარჯის პარალელურად თანხა დაზოგოთ, ამაში კი სწორად შედგენილი ბიუჯეტი დაგეხმარებათ. იმის მიუხედავად, რომ სესხის გადახდის პერიოდში მიმდინარე ხარჯები გაზრდილი გაქვთ სესხის შენატანის გამო, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შეძლებთ თანხის დაზოგვასაც. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუნდაც მცირე თანხის დაზოგვას დადებითი შედეგი ექნება თქვენ ფინანსურ სტაბილურობაზე. აუცილებელია დაზოგოთ თანხა და შექმნათ ერთგვარი „უსაფრთხოების ბალიში“, რომელსაც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენებთ. ასე თავიდან აირიდებთ მომავალში გაუთვალისწინებელ სესხებას და ვალდებულების დამატებას.

პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ სესხის გამცემ დაწესებულებას

სესხის მომსახურების პერიოდში თუ აღმოაჩინეთ, რომ გიჭირთ, ან იცით, რომ მომავალში შეიძლება გაგიჭირდეთ სესხის შენატანების გადახდა, საჭიროა, მიმართოთ სესხის გამცემ ორგანიზაციას და აცნობოთ მას ამის შესახებ. პრობლემის ადრეულ სტადიაზე გამოსავლის ერთად მოძებნა ბევრად მარტივია. 

სესხების გაერთიანება

რამდენიმე პარალელური სესხის ერთ კრედიტორთან ერთ სესხად გაერთიანება სესხის დაფარვას უფრო მოსახერხებელს ხდის.

სესხის რესტრუქტურიზაცია

თუ სესხის შენატანის მოცულობას თქვენი შემოსავლები ვეღარ ფარავს, მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან. პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ განიხილოთ ან ფინანსურმა ორგანიზაციამ შემოგთავაზოთ სესხის რესტრუქტურიზაცია. რესტრუქტურიზაცია გულისხმობს სესხის ვადის გაგრძელებას იმისთვის, რომ შემცირდეს სესხზე ყოველთვიური შენატანის მოცულობა. თუმცა, რამდენადაც რესტრუქტურიზებული სესხი უფრო მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, ფინანსურმა ორგანიზაციამ შეიძლება საპროცენტო განაკვეთი გაგიზარდოთ. 

შეადგინეთ კრედიტორების სია

როდესაც ერთზე მეტი სესხი გაქვთ გააქტიურებული, მნიშვნელოვანია მუდმივად გახსოვდეთ დეტალები თითოეული მათგანის შესახებ: სესხის მოცულობა, გადახდის თარიღი, შენატანის მოცულობა, სესხის ნაშთი, ფიქსირდება თუ არა ვადაგადაცილება და სხვა. კრედიტორების სიის გაკეთება კარგად გაჩვენებთ რომელი პირის თუ ორგანიზაციის ვალი გაქვთ, რა მოცულობის თანხაა თითოეულისთვის გადასახდელი, რომელია ყველაზე დიდი ან კრიტიკული სესხი და დაგეხმარებათ თქვენი  შემოსავლის სწორ გადანაწილებაში.

არ დაიმატოთ ვალები

თუ მიმდინარე სესხების დაფარვას ვერ ახერხებთ, შენატანების დასაფარად ახალი სესხის აღება არ არის რეკომენდებული. საჭიროა გახსოვდეთ, რომ ახალი ვალდებულება მომდევნო თვეში ხარჯს გაგიზრდით. ყველაზე გონივრულია, არ გაზარდოთ თქვენი სესხის მოცულობა, ვიდრე არ გექნებათ ახალი ვალდებულების გადახდის შესაძლებლობა.

შეწყვიტეთ განახლებადი სესხების გამოყენება

თუ სესხების შენატანის განხორციელებიდან მეორე შენატანის დრომდე გიჭირთ თანხის შეგროვება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სესხის თანხა თქვენთვის უკვე რთულად დასაფარი ხდება. ამ დროს საჭიროა აკონტროლოთ განახლებადი სესხების, მაგალითად, საკრედიტო ბარათის და/ან ოვერდრაფტის გამოყენება. იმისთვის, რომ გადახდის გრაფიკს სტანდარტულად გაჰყვეთ, საჭიროა სესხის თანხა აღარ გაზარდოთ.  მნიშვნელოვანია, შეწყვიტოთ ადვილად ხელმისაწვდომი და განახლებადი კრედიტების ათვისება. 

შეადგინეთ სესხების დაფარვის გეგმა

ეს არის არსებული ვალების გადახდის თანმიმდევრობისა და მეთოდების განსაზღვრა. თუ სხვადასხვა სესხი სხვადასხვა კრედიტორისგან გაქვთ აღებული და ამ სესხების დაფარვის გეგმას თავად ან მომსახურე ორგანიზაციასთან ერთად ადგენთ, უნდა გადაწყვიტოთ ამ გეგმებიდან რომელს აირჩევთ და რის მიხედვით დაიწყებთ არსებული სესხების გადახდას:  

„თოვლის გუნდის“ მეთოდი

ეს მეთოდი გულისხმობს თავდაპირველად ყველაზე პატარა სესხის გადახდას. მას შემდეგ, რაც დაიფარება ყველაზე მცირე ვალდებულებები, დაიწყებთ  უფრო მოცულობითი სესხების დაფარვას.

„ზვავის“ მეთოდი

ეს მეთოდი „თოვლის გუნდის“ მეთოდის საპირისპიროა. ამ მეთოდის გამოყენებისას გადახდა დაიწყება იმ სესხებიდან, რომელიც მოცულობაში ყველაზე დიდია. 

 

ვალის დაფარვის მეთოდის შერჩევისას სწორად უნდა შეარჩიოთ პირველ რიგში გადასახდელი სესხი. მაგალითად, თუ თავდაპირველად მცირე მოცულობის სესხს ფარავთ, საჭიროა გააანალიზოთ, დიდ სესხებზე დარიცხული პირგასამტეხლოები უფრო მეტი ხომ არაა, ვიდრე გადახდილი სესხი. ჯერ დიდი მოცულობის სესხის დაფარვას თუ გადაწყვიტეთ, გადაუხდელი ხომ არ გრჩებათ მაღალპროცენტიანი მცირე მოცულობის სესხი, რომელიც უფრო ხარჯიანი აღმოჩნდება.

კარგად გააცნობიერეთ ვალის მართვის პროცესში თქვენი უფლებები და  პასუხისმგებლობები

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც მნიშვნელოვანია ბოლომდე აცნობიერებდეთ თქვენი და სესხის გამცემი ორგანიზაციის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს. როდესაც სესხი ვადაგადაცილებაშია, ჩვეულებრივ მას ჯარიმები ერიცხება. ნებისმიერი ხარჯი, რაც შეიძლება სესხის ვადაგადაცილებისას დაგემატოთ, წინასწარ გაწერილია ხელშეკრულებით. თქვენი პასუხისმგებლობაა სესხის აღების მომენტში სრულად გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის ხელშეკრულების თავსართს, სადაც მოცემულია ფინანსური ხარჯების ჩამონათვალი. ეს დაგეხმარებათ ჯარიმის დარიცხვისას გადაამოწმოთ გეკუთვნოდათ თუ არა ზედმეტი თანხის გადახდა. თუ სესხის მართვის პროცესში წარმოგექმნებათ პრობლემა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს რეაგირებისა და დახმარებისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ხვდებიან მისივე ზედამხედველობის ქვეშ. თუ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს თქვენ დაარღვევთ, მაგალითად, დროულად არ გადაიხდით პერიოდულ შენატანებს, კრედიტის გამცემ ორგანიზაციას შეუძლია მოგთხოვოთ პირობების დაცვა ან სესხის სრულად დაფარვაც კი. ასეთ შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაციის უფლებები უშუალოდ სესხის ხელშეკრულებაშია გაწერილი. გასათვალისწინებელია, რომ სესხის გადაუხდელობა მოქმედებს არა მარტო თქვენზე, არამედ სესხთან დაკავშირებულ პირებზეც: თავდებზე, თანამსესხებლებზე; უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, იმ ადამიანებზე, ვისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების უზრუნველყოფითაც არის სესხი გაცემული. 

სწორად მართეთ ურთიერთობა  მათთან, ვინც ვადაგადაცილებაში არსებული სესხის შესახებ გეკონტაქტებათ

თუ თქვენი სესხი ვადაგადაცილებაშია, სესხის დაფარვის პროცესს ან თავად სესხის გამცემი ორგანიზაცია წარმართავს, ან ამ მიზნით სხვა, სპეციალიზებულ ორგანიზაციებს მიმართავს. 

იმისთვის, რომ პრობლემური სესხის დაფარვისას თქვენი უფლებები უკეთ დაიცვათ, საჭიროა ჩაუღრმავდეთ ყველა დეტალს, რაც ხელშეკრულებით არის დარეგულირებული.

კომუნიკაცია სპეციალიზებულ კომპანიებთან

იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების პირობა ითვალისწინებს სესხის გადაუხდელობის დროს გარე პირის პროცესში ჩართვას, საჭიროა სიფრთხილით მოეკიდოთ მათთან კომუნიკაციის  პროცესს.  თუ სპეციალიზებულ კომპანიებთან ურთიერთობა მოგიწიათ, რომლებიც ვადაგადაცილებული სესხების დაფარვაზე მუშაობენ, სასურველია წინასწარ გაიაროთ იურიდიული კონსულტაცია, რათა დაადგინოთ რა ტიპის მოთხოვნა შეიძლება წაგიყენონ და რას შეიძლება ელოდოთ მათგან. აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების მართვის ორგანიზაციები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრიდან ყველა პირი, ვის მიმართაც 20-ზე მეტ პირს აქვს დავალიანება, უნდა დარეგისტრირდეს სესხის გამცემ სუბიექტად და ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცეს.  გარდა ამისა, თქვენს უფლებებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას. 

გადახდაზე შეთანხმების და მოლაპარაკების პროცესი

პრაქტიკაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემთხვევას, როდესაც ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის მიზნით სპეციალიზებული კომპანიის თანამშრომლები გთხოვენ ანგარიშზე თანხის შეტანას ან საქმის სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ გაფრთხილებენ. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ გაცემული, გადაუხდელი სესხი ნამდვილად თქვენი პირადი ვალდებულებაა, რომელიც უნდა გადაიხადოთ. თუ გადახდის პროცესი თქვენთვის გართულებულია, საწყის ეტაპზევე მიმართეთ სესხის გამცემ ორგანიზაციას და აუხსენით არსებული ვითარება. ძირითადად, როგორც სესხის ამღებისათვის, ასევე მისი გამცემისთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ სესხი უპრობლემოდ დაიფაროს. ამიტომ, სესხის გამცემი ორგანიზაცია მაქსიმალურად შეეცდება დახმარებას, თუ მასთან ითანამშრომლებთ.  მთავარია, გადახდაზე შეთანხმების და მოლაპარაკების პროცესი გონივრულად წარმართოთ. 

თუ ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის მიზნით სპეციალიზებული ორგანიზაცია თანხის გადახდის ახალ გრაფიკს გთავაზობთ, მიზანშეწონილია, მოითხოვოთ გადასახდელი თანხის ოდენობა, გადახდის გრაფიკი, სესხის დაფარვის ბოლო ვადა და სხვა დეტალები დოკუმენტურად, შეთანხმების სახით გაგიფორმონ. მხოლოდ სიტყვიერად დადებული შეთანხმების დაცვა და გაკონტროლება საკმაოდ რთულია, ამიტომ საჭიროა შეთანხმების წერილობით გაფორმება, რათა სამომავლოდ გამარტივდეს შეთანხმების პირობების გადახედვა და დაცვა. 

სასამართლოსთან ურთიერთობა

რაც ეხება დავის სასამართლოს ან არბიტრაჟის საშუალებით განხილვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მომხმარებელს ხშირად აშინებს სასამართლოს ან არბიტრაჟის ჩართულობით საკითხის გადაწყვეტა. თუმცა, რეალურად ყველაზე ლეგიტიმური და თქვენი უფლებების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება სწორედ სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს. ამიტომ, სასამართლოში საქმის განხილვა არ უნდა აღიქვათ, როგორც ყველაზე ცუდი შემთხვევა და მისთვის თავის არიდების გამო არ უნდა დათანხმდეთ არარეალურ მოთხოვნებს. პირიქით, სასამართლოს უნდა წარუდგინოთ თქვენი არგუმენტაცია და მიზეზები, რის გამოც სესხის დაფარვასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ. შეგიძლიათ ითხოვოთ შესაბამისი რეაგირება, თუ თვლით, რომ თქვენთვის დაკისრებული პირგასამტეხლოების მოცულობა შეიძლება დაკორექტდეს. ასევე, გადახდის თქვენთვის სასურველ გრაფიკზე მოლაპარაკებაც სასამართლოს წინაშე შეგიძლიათ ითხოვოთ.