ფინანსური განათლება

ფინანსური განათლების განყოფილება გთავაზობთ რესურსებს და ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი პირადი ფინანსების მართვის და ინვესტიციების შესახებ იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს დასახულ ფინანსურ მიზნებს.

რა არის ინვესტიცია

ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ დოვლათის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.

ინვესტიცია არის ფულის ან რესურსების დაბანდება სიმდიდრის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, მომავალში მოგების ან დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით. ის ასევე გულისხმობს რისკების გაწევას, რადგან ინვესტიციების ღირებულების გაზრდის ან შემცირების შედეგად ინვესტორებს შესაძლოა მოუწიოთ თავდაპირველად განსაზღვრულ მოგებაზე ნაკლები შემოსავლის მიღება.

დაზოგვისგან განსხვავებით, რაც თანხის დაბალი საპროცენტო სარგებლის მომტან საბანკო ანგარიშზე ან სხვა, დაბალი რისკის მქონე ფინანსურ პროდუქტებში განთავსებას გულისხმობს, ინვესტიცია ცდილობს უზრუნველყოს უფრო მაღალი ამონაგები სხვადასხვა აქტივში, როგორიცაა ფონდები, აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება, ნედლეული ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.

წარმატებული ინვესტირებისთვის გადამწყვეტია თქვენი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მკაფიო გააზრება. სათანადო დონის რისკის გაწევით, თქვენ შესაძლოა პოტენციურად უფრო მაღალი გრძელვადიანი სარგებელი მიიღოთ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული სარგებლის გარანტია, რადგან ინვესტიციები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

არსებობს მრავალი განსხვავებული საინვესტიციო პროდუქტი. საბოლოო ჯამში, ინვესტირების მიზანია, თქვენივე ფულით ისარგებლოთ და მიიღოთ სასურველი სარგებელი. ამასთან,  მნიშვნელოვანია აირჩიოთ თქვენი  ფინანსური მიზნებისა  და რისკის ტოლერანტობის შესაბამისი ინვესტიციები.

სწორად განხორციელებული ინვესტიცია შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რათა დროთა განმავლობაში შექმნან დოვლათი, მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას, გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს და უზრუნველყონ თავიანთი სტაბილური ფინანსური მომავალი.

დაგეგმვა და დისციპლინა

წარმატებული საინვესტიციო სტრატეგიის ორი ძირითადი წინაპირობა სწორი დაგეგმვა და დისციპლინაა.

ინვესტიციების განხორციელებამდე აუცილებელია შეადგინოთ სტრატეგიული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან ფაქტორსა და გარემოებას. ყველა რელევანტური ფაქტორისა და გარემოების გათვალისწინებით მომზადებული საინვესტიციო გეგმა დაგეხმარებათ მიიღოთ გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, შეამციროთ რისკები და თავიდან აირიდოთ შეცდომები.

საინვესტიციო პროცესი შემდეგი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

მიზნებისა და საინვესტიციო ჰორიზონტის განსაზღვრა; აქტივთა კლასების გააზრება; საინვესტიციო პორტფელის შექმნა და მისი მართვა

მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო პროცესს მიუდგეთ მკაცრი დისციპლინით, რაც გულისხმობს გრძელვადიანი პერსპექტივის ჩამოყალიბებას, რისკების რეალისტურ შეფასებას და პორტფელის რეგულარულ გადახედვასა და განახლებას. დისციპლინა არის ის მექანიზმი, რითიც გაუმკლავდებით მოკლევადიან საბაზრო ცვლილებებს, თავიდან აიცილებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და შეინარჩუნებთ სტაბილურ კურსს სტაბილური ფინანსური მომავლისკენ. 

ამასთან, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქონიოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, ხარჯოთ იმაზე ნაკლები ვიდრე გამოიმუშავებთ და რეგულარულად გადადოთ შემოსავლის კონკრეტული ნაწილი საინვესტიციოდ. ასეთი ჩვევები დისციპლინირებულ მიდგომასთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების ალბათობას.