ფინანსური განათლება

ფინანსური განათლების განყოფილება გთავაზობთ რესურსებს და ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი პირადი ფინანსების მართვის და ინვესტიციების შესახებ იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს დასახულ ფინანსურ მიზნებს.

სხვადასხვა ტიპის აქტივები

აქტივების კლასების გააზრება არის წარმატებული საინვესტიციო სტრატეგიის გასაღები.

აქტივების კლასები არის ინვესტიციების ფართო კატეგორიები, რომლებსაც აქვთ რისკისა და სარგებლის მსგავსი მახასიათებლები. აქტივების სხვადასხვა კლასს აქვს განსხვავებული მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზით, ინვესტორს შეუძლია შეიმუშაოს საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მორგებულია მისი რისკების ტოლერანტობაზე, ფინანსურ მიზნებსა და ინვესტიციის დროის ჰორიზონტზე.

რამდენიმე ძირითადი აქტივების კლასებია:

აქციები

აქცია არის თქვენი საკუთრება კომპანიაში. როდესაც  ყიდულობთ აქციას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კომპანიის წილი, თქვენ უკვე ფლობთ კომპანიის ნაწილს და გაქვთ უფლება მოითხოვოთ  კომპანიის მოგება და აქტივები. აქციები პოპულარული ინვესტიციაა გრძელვადიანი ზრდისთვის, რადგან მათ შეუძლიათ პოტენციურად უფრო მაღალი სარგებელი გამოიმუშაონ ობლიგაციებთან ან ნაღდ ფულთან შედარებით.

ფიქსირებული შემოსავალი

ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტები არის საინვესტიციო პროდუქტები, რომლებიც იხდიან ფიქსირებულ შემოსავალს ან პროცენტს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. ეს ინსტრუმენტები გამოშვებულია კორპორაციების, სამთავრობო სტრუქტურების და სხვა ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ცდილობენ კაპიტალის მოზიდვას თავიანთი ოპერაციების ან კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად. ფიქსირებული შემოსავლის ინვესტიციების მაგალითებია ობლიგაციები, სახაზინო ფასიანი ქაღალდები და სადეპოზიტო სერთიფიკატები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინვესტიციები ობლიგაციებია. ობლიგაციები, აქციებთან შედარებით, ზოგადად, ნაკლებად სარისკოდ მიიჩნევა, მაგრამ ისინი ასევე გამოირჩევიან დაბალი პოტენციური ამონაგებით.

ფულადი ბაზარი

ფულადი ბაზრის აქტივები არის ინვესტიციები, რომლებიც ადვილად კონვერტირდება ნაღდ ფულად და  ყველაზე ლიკვიდურ აქტივებად მიიჩნევა. ისინი, როგორც წესი, მოიცავ  ფულად დეპოზიტებს, როგორიცაა მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ფულადი ბაზრის ფონდები და მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციები (წელიწადზე ნაკლები ვადით).

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები, როგორც წესი, აქტივების კლასიდან ყველაზე ნაკლებად სარისკოდ მიიჩნევა, რადგან ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მაღალ ხარისხს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ  ადვილია მათი ნაღდ ფულად კონვერტირება და სხვა აქტივების კლასებისგან განსხვავებით, ფულადი ბაზრის პროდუქტები არ ექვემდებარება ბაზრის ცვალებადობას და რყევებს.

ალტერნატიული ინვესტიციები: ჰეჯ-ფონდები, კერძო კაპიტალი და ნედლეული

ალტერნატიული ინვესტიციები მოიცავს ჰეჯ-ფონდებს, კერძო კაპიტალს და ნედლეულს, როგორიცაა ოქრო და ნავთობი. ზოგადად, ეს ინვესტიციები განიხილება უფრო სარისკოდ და კომპლექსურად, ვიდრე ტრადიციული აქტივების კლასები, მაგრამ მათ ასევე ახლავთ უფრო მაღალი პოტენციური სარგებელი და დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა.

ალტერნატიული ინვესტიციების ერთ-ერთი უპირველესი უპირატესობა, ტრადიციულ აქტივებთან შედარებით, არის მათი პოტენციურად უფრო მაღალი სარგებელი. მაგალითად, ჰეჯ-ფონდებმა და კერძო კაპიტალის ინვესტიციებმა შეიძლება შემოგვთავაზონ სარგებელი, რომელიც არ უკავშირდება ფართო ბაზარს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დივერსიფიკაციას და პოტენციურად უფრო მაღალ შემოსავალს გრძელვადიან პერსპექტივაში.

უძრავი ქონება

უძრავი ქონების ინვესტიციები მოიცავს ისეთ საკუთრებებს, როგორიცაა კომერციული შენობები, ბინები და კერძო სახლები.

უძრავი ქონების ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი სარგებელი გაქირავებიდან შემოსავლის პოტენციალია, რაც ფულადი სახსრების სტაბილურ ნაკადს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, უძრავი ქონების, ღირებულება შეიძლება გაიზარდოს გრძელვადიან პერსპექტივაში, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს კაპიტალის მოგება ქონების გაყიდვისას.

უძრავი ქონების ინვესტიციებს შეუძლია უზრუნველყოს ჰეჯირება ინფლაციისგან, რადგან ქონების ღირებულება, ქირავნობის ტარიფები და დივიდენდები იზრდება ინფლაციასთან ერთად.

ამ სხვადასხვა აქტივების კლასებში დანაზოგის განთავსებისთვის, ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა ინდივიდუალურად განახორციელონ ინვესტიცია თითოეული აქტივის ან საინვესტიციო ფონდების საშუალებით. საინვესტიციო ფონდები ან საბირჟო ვაჭრობის ფონდები (ETFs), აერთიანებს რამდენიმე ინვესტორის სახსრებს აქტივების დივერსიფიცირებულ პორტფელში ინვესტირებისთვის. ეს მიდგომა გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას:

უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებას აძლევს ინვესტორებს წვდომა ჰქონდეთ აქტივებისა და ბაზრების უფრო ფართო სპექტრზე, რამაც შეიძლება გაზარდოს დივერსიფიკაცია და შეამციროს რისკები; მეორე, საინვესტიციო ფონდებს მართავენ პროფესიონალი პორტფელის მენეჯერები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ინვესტიციების შერჩევასა და მართვაში. მათმა ცოდნამ და გამოცდილებამ შეიძლება მოგცეთ უფრო მაღალი ამონაგები ინვესტიციიდან.მესამე, საინვესტიციო ფონდები უზრუნველყოფენ ლიკვიდურობას, რაც საშუალებას აძლევს ინვესტორებს ადვილად იყიდონ ან გაყიდონ აქციები, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას და კომფორტს.

იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი საინვესტიციო ფონდების შესახებ და თუ როგორ შეიძლება ისინი მოერგოს თქვენს საინვესტიციო სტრატეგიას, ეწვიეთ ჩვენს საინვესტიციო ფონდების განყოფილებას